„ვასილ მაღლაფერძის მიერ წარმოდგენილი სამწლიანი პროგრამა მტკივნეული, მაგრამ ყველაზე მოკლე გზაა შედეგის მისაღწევად, თუმცა, საინტერესოა, ვისთან ერთად აპირებს მაღლაფრიძე ამ რეფორმის გატარებას?" - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
როგორც ყანდიაშვილი აღნიშნავს 2003 წლის შემდეგ „საზმაუწყებელმა" ცნობადი გადაცემის შექმნა ვერ შეძლო. მისივე თქმით, ყველა იმ ადაიანმა, რომელიც ტელევიზიის „განადგურების" თანამონაწილეა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" უნდა დატოვოს.
„2003 წლის შემდეგ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ვერ მოახერხა მეტ-ნაკლებად ცნობადი გადაცემის შექმნა. ასი კი არა, ხუთასი გადაცემაც რომ იყოს, ჩვენ მაინც არცერთი არ ვიცით. ხალხში არ არის განცდა, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია.
ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი სამწლიანი პროგრამა მტკივნეული, მაგრამ ყველაზე მოკლე გზაა შედეგის მისაღწევად, თუმცა, საინტერესოა, ვისთან ერთად აპირებს მაღლაფერიძე ამ რეფორმის გატარებას? პრესკონფერენციაზე ის ხალხი ეჯდა გვერდით, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ტელევიზიის გაუბედურებაში. ამიტომაც, მე რომ რიგითი თანამშრომელი ვიყო, რომელსაც სამსახურის დაკარგვა მემუქრება, აუცილებლად ვკითხავდი გენერალურ დირექტორს - ბატონო ვასილ, პატიოსან, პროფესიონალ კაცს რომ მიშვებ სახლში და გვიმრაძე გიზით გვერდით, რომელმაც რეფორმა უნდა ჩაატაროს, ეს ნორმალურია?!
ყველამ, ვინც ამ ტელევიზიის განადგურების თანამონაწილეა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" უნდა დატოვოს და პროკურატურამ 410 მილიონი ლარის გაფლანგვის ისტორია შეისწავლოს! აუცილებლად უნდა დაიდოს პროკურატურის დასკვნა - ათი წლის განმავლობაში სად წავიდა ამდენი ფული?! იცით, რამდენია 45 მილიონი? ფოთის ბიუჯეტი 13 მილიონია, ახალციხის - 12, გორის - 10, თელავის - 10 და ეს ერთად აღებული აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს"!
დღეს რატომღაც მხოლოდ იმ ფრაზას განიხილავენ, სადაც ვასილ მაღლაფერიძე ამბობს - ხალხი უნდა გავუშვათ სახლშიო... საინტერესოა, ვინ გადაწყვეტს, რომელი გადაცემა დაიხუროს და რომელი - არა? ეს ხომ უფრო დიდი უსამართლობა იქნება?! ვასილ მაღლაფერიძემ ასევე გაუსვა ხაზი, არქივი ციფრული უნდა გახდესო. თუ ეს განხორციელდა, პირიქით, ძეგლი უნდა დავუდგათ მას", - განაცხადა ყანდიაშვილმა.