მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ „ნიუპოსტი" პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა.
„ამ ეტაპზე მე ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ, მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურას გარკვეული მტკიცებულებები გააჩნია და მიჰყვებიან ამ კვალს. ძალიან მძიმე ბრალდებაა, თუ არ აქვთ ამ ადამიანებს ან ამ ადამიანს ჩადენილი ეს, გასცენ პასუხი. აგერ პროკურატურა და აგერ მოედანი. სხვა რა გითხრათ, ჩვენ ახლა მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, არანაირი კომუნიკაცია მე არ მქონია ამ უწყების წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მისი თქმით, სანამ გამოძიება არ დასრულდება, საპატრიარქო განცხადების არ გააკეთებს.
„გამოძიება თვითონ დადებს გამოძიების შედეგს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ გააჩნია, ან დადებენ, ბრალდებული რას იტყვის", - აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.