თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ „დღის შოუს" ეთერში ბაღებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი კი კვების მიმართულებით გაკეთდა.
როგორც თორდინავამ აღნიშნა, თავდაპირველად ბაღებში ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა, განსაკუთრებით სავალალო კი ბავშვთა კვება აღმოჩნდა. მისი თქმით, საბავშვო ბაღებში არ კონტროლდებოდა მენიუს მრავალფეროვნება და საკვები პროდუქტები.
„ყველაზე მსხვილი პრობლემა, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებში ახალ ადმინისტრაციას დახვდა, იყო კვების მიმართულება. 2014 წლის სექტემბერში, როდესაც მე მქონდა შეხვედრები საბავშვო ბაღების ადმინისტრაციასთან და სამზარეულოს პერსონალთან, პრობლემები უშუალოდ გამოიკვეთა ინფრასტრუქტურის ნაწილში. როდესაც შესაბამის სამსახურებს კვლევა დავავალე, სურათი იყო ძალიან მძიმე, მშობლებთან შეხვედრის დროს გამოვლინდა, რომ ზოგიერთ საბავშვო ბაღში კვების მენიუ სრულიად განსხვავებული იყო. არ კონტროლდებოდა მენიუს მრავალფეროვნება და ზოგადად საკვები პროდუქტები.
პირველ რიგში, მოწესრიგება იმ რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყეთ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემდა. ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოვაგვარეთ კვების პრობლემა. რაც შეეხებოდა ინფრასტრუქტურის მიმართულებას, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება იმავე სამზარეულოს გადაიარაღების კუთხით, ანუ ერთია უვნებელი საკვები პროდუქტი, რომელსაც აკონტროლებდა სურსათის ეროვნული სააგენტო, მაგრამ ამავდროულად თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი პერმანენტულად ახორციელებდა პერსონალის გადამზადების კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მომიწია მძაფრი ღონისძიებების გატარება, სამზარეულოს პერსონალი იქნა დათხოვილი. აქამდე მანკიერი პრაქტიკა იყო სამზარეულოში, ბავშვებისთვის საკვების არმიწოდებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თორდინავამ.