პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე „აიპრესთან" აცხადებს, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადება ძალიან ჰგავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთებას. მისი თქმით, ისინი ცდილობენ ყოველთვის გააკრიტიკონ საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური, დადებითი ნაბიჯი და წარმოაჩინონ უარყოფითად და ამით მოახდინონ ქვეყნის დისკრედიტაცია.
მათ არ ადარდებთ ქვეყნის ბედი, სახელმწიფოს განვითარება და მომავალი. ერთადერთი მიზანი აქვთ, როგორმე მოახდინონ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაღაც გზებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის გამოიყენონ პარტნიორი პარტია, რომელსაც დამახინჯებულ, არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის პროგრესი შეაფერხონ".
მანანა კობახიძე ამბობს, რომ საქართველომ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. რასაც ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა.
"ხელისუფლებამ ყველა პროცედურა და საჭირო ქმედება განახორციელა იმისთვის, რომ ზაფხულამდე ევროპარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება.
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გატარდა. თავად კომისიის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ საგაზაფხულო სესიის პერიოდში, ზაფხულამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ შენგენის სივრცეში.
როცა ჩვენი ქვეყნის საქმიანობა ამ მიმართულებით დადებითად განიხილება, ამ დროს სრულიად მოულოდნელად ჩნდება ჯოზეფ დაულის განცხადება, რომლის უკან პირდაპირ ვიტყვი "ნაციონალური მოძრაობა" დგას, რომელიც ქვეყნის პროგრესის წინააღმდეგია. რაც კიდევ ერთხელ ახდენს ამ პოლიტიკური ძალის ლუსტრაციას. ევროსაბჭოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვეჯახებით, მათ მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ისინი ცდილობენ საქართველო დააყენონ რუსეთის გვერდით.
სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების შედეგად, ევროსაბჭომ ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებით, არასამთავრობო სექტორის თავისუფლების თვალსაზრისით ფაქტობრივად საქართველო რუსეთის გვერდით მოახვედრა. ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ.
იმედს ვიტოვებ, ასე არ ფიქრობს "სახალხო პარტიის" უმრავლესობა და საქართველოში არსებული პროგრესით იხელმძღვანელებს ევროპარლამენტი და არა ჯოზეფ დაულის განცხადებით, რომლის უკან "ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთება დგას.
საქართველომ დიდი ხანია აირჩია ევროპული გზა. ჯოზეფ დაულის განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელია და წყალს ასხამს ჩვენი მტრების წისქვილზე. ლიბერალიზაციის საქმეში საქართველოს უკან დახევა რუსეთის ინტერესებშია და ჩანს რეალურად "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც საზოგადოებაში პროევროპულ ძალად მოიაზრება, პუტინის მოკავშირედ და რუსეთის მოკავშირედ გვევლინება.
გამოვრიცხავ ჯოზეფ დაულის განცხადების ტექსტი მომზადებულიყო იმ პარტიის თანამონაწილეობით და ინიციატივების გარეშე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს წევრს და პარტნიორს „ევროპის სახალხო პარტიისა". მაგალითად, "ევროპელმა სოციალისტებმა" საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება, რომ გააკეთოს, ბუნებრივია ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული საქართველოში ჯგუფის წევრ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან", რომელიც გაწევრიანებულია „ევროპელ სოციალისტებში".
მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნამოქმედარი და ნამუშევარია. სირცხვილია, როცა ისინი ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ პოლიტიკურ ძალად გვევლინებიან. ხელს უშლიან ვიზალიბერალიზაციას და საკითხის გადადება არჩევნების შემდგომ პერიოდში სურთ.
იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სულისკვეთება რაც დაფიქსირდა ამ განცხადებაში არ იქნება გაზიარებული არათუ "ევროპის სახალხო პარტიის" უმრავლესობით, არამედ ევროპარლამენტის მხრიდან და ის გადაწყვეტილება, რაც უნდა იქნას მიღებული ზაფხულამდე, არ გადაიდოს 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ.
ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს "ევროპელი სოციალისტების" იმ ოჯახის იმედი, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგენს ჩვენ მეგობარ და პარტნიორ პარტიას, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ", - განაცხადა კობახიძემ.