logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: სირცხვილი!
- +

13 თებერვალი. 2017. 21:13



12 თებერვალს, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის" ეთერში, „მცირე ზომის, მაგრამ დიდად შემაწუხებელ ნარჩენებზე" ისაუბრა. სიუჟეტის ბოლოს, ჟურნალისტმა, თემა შეაჯამა და დასკვნის სახით ასეთი რამ გვითხრა:

 

„საერთოდ არ არის სასაცილო. ის, რასაც თბილისის მთავრობა აკეთებს, არის საზოგადოების დაცინვა, შეურაცხყოფა და დანაშაული. ალბათ, დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ, სადმე, სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე. თბილისი, თქვენი განავლის დასაგროვებელი ორმო არ არის - ბატონო დავით, თქვენ საკუთარ სახლში, თქვენი ნებაა, საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ, პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ. ოღონდაც, როდესაც, თქვენ, სახელმწიფო სახსრები და ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა გაქვთ ჩაბარებული, მაშინ, კეთილი ინებეთ და თქვენს კოლექტივთან ერთად ცოტა მეტი გონება და მონდომება დაატანეთ იმ საქმეს, რომელიც თქვენ ხალხმა ჩაგაბარათ, თორემ, მე თუ მკითხავთ, თბილისის მერია, უკვე დიდი ხანია მის მიერვე აშენებულ, უფუნქციო ტუალეტებს დაემსგავსა."

 

ვერასდროს ვერ გამოვდგები, ვერც თბილისის მთავრობის და მით უმეტეს, დავით ნარმანიას დამცველად. პირიქით, მთელი მისი მერობის მანძილზე - ჩემი გონებიდან და ხელიდან მის მიმართ, კრიტიკის მეტი არაფერი გასულა, მაგრამ ხომ აქვს კრიტიკასაც საზღვარი?! და ეს ზღვარი გადის იქ, სადაც მერის და უწყებაში დასაქმებული პირების პიროვნული შეურაცხყოფა იწყება.


თემა, რომელზედაც სიუჟეტშია საუბარი, ნამდვილად არის პრობლემა, ნამდვილად იმსახურებს ეთერს და მით უმეტეს, ისეთ მაღალრეიტინგულს, როგორიც „რუსთავი 2-ია", ჰოდა, კი ბატონო, ისაუბრეთ პრობლემებზე, პრობლემის მიზეზებზე, პიროვნებებზე, გამოსავალზე, გააკრიტიკეთ!!! მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ და უკდრებელს ნუ იკადრებთ!


არც ისაა სადავო, რომ საჭიროა ძლიერი ოპოზიციური არხი და საჭიროა ამ ქვეყანაში „რუსთავი 2", მაგრამ როდესაც აქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც გააღვივებს შეუწყნარებლობას გეოგრაფიული, ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე, ეს უკვე ზღვარდაგასული ისტერიკაა - ბატონებო და სხვა არაფერი.


P.S. ისე, ცნობისთვის, ბატონო გიორგი, ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე კანალიზაციის გარეშე, სოფლებშიც აღარ აშენებენ, ადამიანები პოლიტიკურ ისტერიკაში არ არიან და ერთმანეთს, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზეც არ შეურაცხყოფენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც კი გაცნობიერებული აქვთ, რომ წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციაა!


მოკლედ: სირცხვილი!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner