logo_geo
eng_logo
სერგო ბეგლარიშვილი: ჩემი შვილები გიორგი ბარამიძის ბრძანებით ჩაცხრილეს!
- +

13 თებერვალი. 2017. 21:49


 

კასპის რაიონი, სოფელი დოესი. ბეგლარიშვილების ოჯახი. ერთი დამწვარი, ორი ჩაცხრილული და ერთიც ავარიაში გარდაცვლილი ადამიანი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდი.


სერგო ბეგლარიშვილი: „ჩემი ძმა, ბეგლარ ბეგლარიშვილი იბრძოდა აფხაზეთში. კასპის რაიონის გამგებელთან, შალიფაშვილთან ძმაკაცობდა, ომი როგორც კი დაიწყო, იმან უთხრა, წამოდი, გვერდით დამიდექიო. იმ პერიოდში ჩემ ძმას ბავშვი შეეძინა და შალიფაშვილმა გამოუშვა, ოჯახს დახედეო. მართლაც ჩამოვიდა, მეუღლე დააბინავა და როცა უკან დაბრუნდა, შალიფაშვილი მკვდარი დახვდა. ბეგლარმა გამოიძია, ყველაფერი გაარკვია და აღმოჩნდა, რომ კაპსელებმა, ანუ თანამებრძოლებმა მოკლეს. იქაც დიდი მაფია იყო, რაღაცა მოხდა მათ შორის. როცა ჩემი ძმა დაბრუნდა, ჩამოიტანა რაღაც კასეტები და სულ ამ მაფიას აგინებდა.

 

ამის შემდეგ გადაეკიდნენ რაიონის პროკურორი გზირიშვილი და უფროსი გამომძიებელი ხორბალაძე. ბოლოს ადგნენ, შეტენეს არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურება და დაწვეს. როცა მორჩნენ, კასპის პროკურატურაში დამიძახეს, საქმე დავამთავრეთ და უნდა წაგიკითხოთო. მე ვუთხარი, ეგ არ მინდა, კარგს არაფერს დაწერდით, მარტო ექსპერტის ქაღალდი მაჩვენეთ-მეთქი. რა ქაღალდს გვთხოვო? კაცო, ჩემი ძმა რაზე დაწვეს, თუ ის გოგო გააფუჭა, ექსპერტის დასკვნა ხომ უნდა არსებობდეს-მეთქი? რას ამბობ, გოგო ქალიშვილიაო. აბა, რაზე დაწვეს-მეთქი? წადი და იმკითხავეო! ეს მითხრა პროკურორის თანაშემწემ, გეჯაძემ. ეს გოგო მერე გათხოვდა, რა გაუპატიურებული, რის გაუპატიურებული? სულ 25 კაცი მონაწილეობდა ამ საქმეში. უფროსი გამომძიებელი, ხორბალაძე იმ გოგოს ნათლიაა.

 

ამის შემდეგ ქუჩაში მხვდება ხორბალაძე, მანქანით გზას მიჭრის და მეუბნება: დედას მოგიტ...ნავ, შენცა და შენ შვილებსაც სისხლი უნდა გარწყევინოთო! მეც გინება დავუწყე და ეგრევე გაიქცა. მოკლედ, დაიწყეს და რა დაიწყეს... სოფელში ქათამი დაიკარგებოდა თუ ძროხა, ჩემი სახლი გადაკეთდა მილიციად, ყველაფერი ჩემ შვილებს ბრალდებოდათ. უფროსი ბიჭი, ლევანი მიჰყავდათ, სცემდნენ, აწამებდნენ, ეუბნებოდნენ, უნდა წახვიდე "სროკზე", ხალხი შენ არა გყავს, ფული შენ არა გაქვს, დაუხურავი საქმეები ბევრი გვაქვს, მაინც დაგიჭერთო. ღამის 2 საათზე მოდიოდნენ, გვჩხრეკავდნენ, ორდერს ვითხოვდი და იცინოდნენ, რად გვინდა ორდერიო?

 

ბოლოს ლევანი მინც დაიჭირეს, მისმა ძმაკაცმა კაცი მოკლა თბილისში და იყო ძებნაში. მოადგა ჩემ ბიჭს რაღაცა გადამატანინე მანქანითო, ესეც გაჰყვა და გზაზე დაიჭირეს. მერე ამ მკვლელობასაც ტენიდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. მკვლელს უთხრეს, ლევანი დაგვაჭერინე და შენ გაგიშვებთო. ეს საქმე ცოტა ზემოთ წავიდა, იძულებულები გახდნენ, ნამდვილი დამანაშავე დაეპატიმრებინათ. არ დაგავიწყდეთ, როცა ჩემი ძმა დაწვეს, მაშინ მე სახლი დამიწვეს და კასპის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ბოჭორიშვილმა სოფლიდან გამაგდო ცოლ-შვილით. როცა ჩემ ძმას წვავდნენ, გზირიშვილი იქ იყო და უყურებდა. ლევანს 5 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა. სანამ ციხეში გაუშვებდნენ, ერთი კვირა გორის პოლიციაში ჰყავდათ, "პადვალში", იქ აწამებდნენ, ჩვენ არც კი ვიცოდით.

 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გამოვიდა... იმ დღეს 2 ჭიქა ღვინო დალია, მერე მითხრა, ტელეფონის ბარათს ვიყიდი, თან მეზობელი რომ დაიღუპა, მივუსამძიმრებ და მოვალო. სამძიმარზე რომ მისულა, მერე გარეთ ის ბიჭები შეხვედრიან, რომლებმაც ჩვენ სახლი დაგვიწვეს. იმათთვის უთქვამს: თქვე კაი ხალხო, რა იყო, სხვას ხომ არაფერს გთხოვთ, ცოტა ფული აგეგროვებინათ და სახლისთვის შიფერი მაინც დაგეხურათო? ესენი აყვირებულან, ვინც შენ ციხიდან გამოგიშვა, იმისი ცოლ-შვილიო! ამაზე წავიდა ჩხუბი. თითქოს ჩაიარა, ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ ლევანი პერიოდულად გორში მიჰყავდათ, ფეხებით ჰკიდებდნენ და აწამებდნენ.

 

ციხიდან რომ გამოვიდა, რაიონში ჩავიდა, პოლიციაში ხელი ხომ უნდა მოეწერა? პოლიციის უფროსის მოადგილემ, მუხიგულაშვილმა უთხრა, ხელს რომ მოაწერ, მერე ჩემთან შემოდიო. მართლაც შევიდა, რა გინდაო? რა მინდა და ხომ გამოხვედი, ერთ-ორ კვირას გაცდი, დაისვენე, ამის შემდეგ უნდა დაიწყო ქურდობა, მე არ ვიცი, მე შენთან მექნება საქმე, ჩემ "დოლიას" მომიტან. შენ ვინც გინდა გყავდეს ჯგუფში, სულ არ მაინტერესებს, თუ შენი კაცი შემთხვევით დავიჭირეთ, ზარი გამოუშვი და გავათავისუფლებთო. ჩემ ბიჭს უთქვია: გლეხს რომ ერთი ძროხა ჰყავს, იმას როგორ მოვპაროო? არ მოიპარავო და ისე სცემეს, სულ ტალახიანი ფეხსაცმელებით შესდგნენ. სახლში რომ მოვიდა, მეუბნება: მამა, რა ვქნა, ჩემი ცხოვრება ასე აირია და ასე მიდის, იცოდე, მუხიგულაშვილის თავი მიწაზე უნდა ვაგორაოო. შეეშვი, შვილო, ისეთი მთავრობაა, ვერ გავიმარჯვებთ-მეთქი. ათასი განცხადება მაქვს ყველგან შეტანილი, სააკაშვილსაც მივწერე, იქნებ შვილი გადამირჩინოთ, ასე დასდევენ-მეთქი, მაგრამ არანაირი რეაგირება.

 

კვირა დღე იყო, სოფელში პოლიციელები შემოვიდნენ და ხმები დაყარეს, ლევან ბეგლარიშვილი უნდა დავიჭიროთო. ეხლა ვფიქრობ, რომ ასე სპეციალურად გააკეთეს, იცოდნენ, ჩემი შვილი გაიქცეოდა და სადმე ესროდნენ. მართლაც გაიქცა, გიორგიც გაჰყვა, ძმაო, მარტო გაგიჭირდებაო. წავიდნენ ერთ მთიან სოფელში, სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია, ჯერ "ლიმონკა" შეუგდეს, ლევანმა მოასწრო აღება, უკან ესროლა, აფეთქდა და ერთი პოლიციელი დაიჭრა. ამის შემდეგ ჯერ აწამეს, მერე კი ჩახოცეს. კასპის პოლიციის უფროსი, მალხაზ ბარნოვი მოვიდა და ვეფხიაზე დამემუქრა, მესამე შვილსაც მოგიკლავთო. თუმცა, რა, მესამეც დამეღუპა, ავარიაში.

ჩემი შვილების დაკრძალვაზე სულ თავიანთი ხალხი იყო, გადაცმულები იყვნენ. გვეუბნებოდნენ, ბრძანება გიორგი ბარამიძისგან არის გაცემული, ხმა არ ამოიღოთო. ამის შემდეგ მაინც ვჩიოდით, არ ვჩერდებოდით, მაგრამ მერე ისევ დაიწყო მუქარები, რა გინდათ, მესამე შვილიც მკვდარი უნდა ნახოთო?

 

პოლიციის თანამშრომელი, ქვრივიშვილი მოდიოდა ხოლმე. გოგიაშვილი მოვიდა... თუმცა ეს უკვე ცოცხალი აღარ არის, ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა. ეს ადამიანები მუშაობდნენ ნარკოტიკებზე "ჩერეზ" ცხინვალი. ამდენ ბოროტებას სჩადიოდნენ და მერე ყველანი თბილისში გადმოიყვანეს, სამხედრო პოლიციაში. ვინც გიორგის ესროლა, დათო ბაინდაურმა, ისიც სამხედრო პოლიციაშია. იცი, ღმერთს მარტო რატომ ვაფასებ? იმას არ უყვარს ქრთამი, გოგიაშვილი ავღანეთიდან 5 დღეში უნდა წამოსულიყო და ნაღმზე აფეთქდა. აღარ მინდა, რამდენი რამე ვთქვა? ამათ ჩემი მიცვალებული შვილები აწამეს, ჯერ დაცხრილეს და მერე კიდევ აწამეს! კაცო, ჩემ ლევანს "ნარუჩნიკები" დაადეს, ჩაბარდა, ამ ამბავს სამი ბავშვი შეესწრო, ორი გამოუშვეს, ერთი მიწაზე დააგდეს, თავზე წიხლით შესდგნენ და უთხრეს, აქეთ არ მოიხედოო, ამან მაინც დაინახა ყველაფერი. ჩემი შვილები დაანგრიეს, აწამეს და მერე "გრიმებით" ააწყეს. მე დასაკარგი აღარაფერი დამრჩა".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner