მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მტკიცებულებების სახით არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
როგორც შოთაძემ განაცხადა, ისინი კანონიერად არის მოპოვებული, თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე მთავარი პროკურატურა აღნიშნული მასალების გამოქვეყნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.