logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი: არჩევნებზე რომ მიდიხარ, წაგებაზე არ ფიქრობ
- +

13 თებერვალი. 2017. 22:16



საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი მეძმარიაშვილი,  ჟურნალისტებს დახურულ შეხვედრაზე ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „აიპრესმა" სეოკის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატთან ინტერვიუ ჩაწერა.


რატომ გახადა აქტუალური დარღვევების თემა მეძმარიაშვილმა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, გახდებოდა თუ არა ცნობილი იმ დარღვევების შესახებ, რომელზეც საუბრობს ახლა კანდიდატი, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში და ვისი პოლიტიკური ზურგი აქვს მას - ირაკლი მეძმარიაშვილი „აიპრესის" კითხვებს პასუხობს.

 

- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებიდან თვეზე მეტი გავიდა. არჩევნებამდე არ გქონდათ ინფორმაცია, რომ დარღვევები იყო, პოსტფაქტუმ რატომ დაიწყეთ ამაზე ლაპარაკი, წააგეთ და ამიტომ?


- არჩევნები დამთავრდა, მივულოცე გამარჯვებულს. ეს ყბადაღებული თემაა.  ვთქვი, რომ  გამჭვირვალე იყო. გამჭვირვალე მაგათგან კი არა, ვთქვი, რომ სახელმწიფო არ ჩაერია. მაგათთან მქონდა მე პრეტენზიები, რომლებზეც თვალი დავხუჭე, შეიძლება ეს ჩემი შეცდომა იყო,  გავერიდე და წავედი სახლში ჩემთვის. ჩემს საქმეებს მივხედე. ეს ყველაფერი მეხუთე დღის გამოსვლის ბრალია, ის, რაც დღეს ხდება. ეს არის დეპუტატ შოთა ხაბარელის გამოსვლის ბრალი, რომელმაც უსაფუძვლოდ, ყოველგვარი  საფუძვლის გარეშე, იმ 57 კაცს,  დელეგატს, მათ  შორის ოლიმპიურ ჩემპიონებს და  ჩემს მხარდამჭერებს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელსაც მე ასე ადვილად ვერ გავატარებდი. სწორედ ამიტომ დაიწყო  ეს ყველაფერი, მისი გამოსვლის გამო.  ეს არ ვიცი, თუ მტყუანი ვარ ამაში, შეუძლიათ გამამტყუნონ,  მაგრამ ვთვლი, რომ მტყუანი არ ვარ და სწორად გადადგმული ნაბიჯია, იმ ადამიანების დასაცავად,  რომლებიც შეწუხდნენ, ხმა მომცეს და იყვნენ ჩემს გვერდით.


- ხმის მქონე დელეგატების წარდგენის პროცესი განსაზღვრულია წესდებით. 135 დელეგატიდან, ეჭვი არ გაგჩენიათ, რომ ამდენი დელეგატიდან, ერთის წარდგენისას მაინც არ იქნებოდა პროცედურული ნორმები დარღვეულითუ ეს ყველაფერი იცოდით, მედია რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, ელოდებოდით, რომ არჩევნებს მოიგებდით და ეს თემა აღარ გახმაურდებოდა?

 

-  საერთოდ, არჩევნებზე რომ მიდიხარ, წაგებაზე არ ფიქრობ. ჩვენ ისეთი  ნამუშევარი გვქონდა, წესით, გამარჯვებისთვის უნდა მიგვეღწია. ორი დღით ადრე შეიცვალა მდგომარეობა. ეს შეიძლება ჩვენი უყურადღებობის გამო მოხდა, მაგრამ მინდა გითხრათ, საბუთების არასწორი მდგომარეობა და ეჭვები, 5 დეკემბერს გაგვიჩნდა, როდესაც უნდა ყოფილიყო სიები, რაც გადაიტანეს 10 დღის შემდეგ. 15 დეკემბერს, ღამე გამოქვეყნდა  სიები. სიები იყო არასრული, იმ მხრივ, რომ არ ეწერა გვერდზე მათი წარმომავლობა, როგორც წესია, პირადი ნომერი და  ა.შ.  16-დან 23-მდე თითქოს ერთი კვირაა, მაგრამ 16 დეკემბერი იყო პარასკევი, უწევდა შაბათი -კვირა, არასამუშაო დღეები. 5 დღე იყო დარჩენილი, სწორედ ამიტომ, ვერ მოვახერხეთ ჩვენ იმ საკითხების დარეგულირება. შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ იმ პერიოდში საბუთების გარკვევა. დავანებეთ თავი, რომ წავაგეთ, ადამიანურად მინდა გითხრათ, რომ არ მქონდა არანაირი სურვილი, რაიმე საკითხის გარკვევაში ჩავბმულიყავი და წავედი სახლში ჩემთვის. არ დამთავრდა, ზუსტად ამიტომ მოხდა ყველაფერი და მაგიტომ ამოვარდა მთელი ეს სიბინძურე.  ჯერ სად ხართ, აქ ისეთი ამბები გაირკვევა, მტერს და ავს.

 

- რომ მოგეგოთ არჩევნები, გაარკვევდით ამ ყველაფერს?


- რომ მომეგო, არ დავიწყებდი ამის გარკვევას, მაგრამ აუცილებლად შევცვლიდი საარჩევნო სიტუაციას. რატომ? - დღესაც მიმაჩნია და მგონია, რომ ოლიმპიური კომიტეტი უნდა აირჩიონ ოლიმპიურმა ფედერაციებმა. არანაირი დამსახურების მიხედვით - არაოლიმპიურმა ფედერაციებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ეს არის სადღაც 37 ოლიმპიური ფედერაცია, ამაზე მიმატებული 20-25 ოლიმპიური ჩემპიონი, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ ეს არ აცილდებოდა 60-ს.


- უნდა მონაწილეობდნენ თუ არა არჩევნებში ისეთი სუბიექტები, რომლებიც ფინანსურად ოლიმპიურ კომიტეტზე არიან დამოკიდებული?


- დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს ასე.  თუმცა, მაშინ შეიძლება სხვანაირი პასუხი გამეცა. არ უნდა იღებდეს  ასეთი ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას. წარმოიდგინეთ, მის მიერ დაფინანსებული ადამიანის გამოყენება, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ უნდა იღებდეს. კაცს ხელფასს აძლევ და აბა ვის მისცემს ხმას?


- საუბარი მიდის ისეთი სუბიექტების ხმებზერომლებიც ოლიმპიურ ჩემპიონებს წარმოადგენენ, ვნახეთ ნონა გაფრინდაშვილიც განცხადებაც, მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი გეპარებათ?


- მე ვთვლი, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. ვინმეს, რომ ეთქვა კახიაშვილისთვის,  დაერეგისტრირებინა საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი, იმხელა დრო ჰქონდა, დაარეგისტრირებდა და ტელევიზორში არ გამოვიდოდა, ქაღალდებს ასე არ დაიჭერდა. წერია წესდებაში, რომ ხმა უნდა მისცეს საქართველოს ოლიმპიელთა კლუბმა და  ხმას აძლევს კახი კახიაშვილის სახელობის ოლიმპიური  კლუბი. ნამდვილად არ მეგონა რომ ასე იქნებოდა. თქვენ მეუბნებით, იმ წუთში რატომ არ ნახეთო. არც წარმომედგინა, რომ ასე იქნებოდა.


- ფიქრობთ, რომ მოუმზადებელი  იყავით არჩევნებისთვის?


- გარკვეულწილად - კი. მოუმზადებელი ვიყავი იმ მხრივ, რომ არ ვიყავი აგრესიული , ასე ვთქვათ, მეგონა, რომ ფეარ-პლეის პრინციპით იქნებოდა და ხელებს არავინ გადაუგრეხდა  ხმის მომცემებს, რომლებიც ორი დღით ადრე ერთი აზრიდან მეორეზე გადავიდნენ. არ შეიძლება 4 თვე  ერთ აზრზე იყო და ორი დღით ადრე შეიცვალო შენი მსოფლმხედველობა და აზრი.


- თქვით, რომ გარკვეული სუბიექტები და დელეგატები შეცდომაში შეიყვანეს, ხელახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, დაგიჭერენ ეს ადამიანები მხარს?


- ვერ გეტყვით, სპორტული სამყარო რთულია. არ ვიცი, ვინ რას გააკეთებს, ხმას ვინ ვის მისცემს, მაგრამ  შევეცდები, ჩემი ერთი კაცის გასაკეთებელი გავაკეთო. ეს არასწორი ვერტიკალი, რაც არის, დავშალო და ერთხელ და სამუდამო დალაგდეს ეს ყველაფერი. ამას  თუ გავაკეთებ, ჩათვალეთ, რომ ჩემი პროგრამა მაქსიმუმი  შესრულებულია. მაქსიმუმის მაქსიმუმი იქნება, თუ არჩევნებში გავიმარჯვებ. რა მინდა ვთქვა, დღესაც ვადასტურებ და ყოველთვის იმას ვამბობდი, გამარჯვების შემთხვევაში, ჩემს ბიუჯეტს გამოვაქვეყნებდი, რაში რას ვხარჯავ. ამას ვაკეთებდი სპორტის დეპარტამენტში მუშაობისას. ამიტომ, არასდროს არავის კითხვა არ გასჩენია. დღეს, წერილს რომ ვაგზავნი, პასუხი არ მოდის ოლიმპიური კომტიტეტიდან. სწორედ ამ წერილზე უპასუხობის გამო  მოხდა ეს ყველაფერი, რაც ხდება.


- წეღან მითხარით, რომ პოლიტიკური ჩარევა არ ყოფილა, თუმცა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილმააიპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ ოლიმპიურ კომიტეტში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და პოლიტიკური ჩარევები დასრულდეს. არის თუ არა ეს იმის მტკიცებულება, რომ მისივე თანაპარტიელი ლერი ხაბელოვის ოლიმპიურ კომიტეტში გაპრეზიდენტებაში, იყო პოლიტიკური ჩარევა?


-  რა მინდა გითხრათ, ხაბარელის გამოსვლას თუ მოუსმენთ, იქ ბოლოს ისე ამთავრებს, გარკვეული ჩვენი გუნდის წევრები, ნაწილი, აქტიურობას არ იჩენდაო. რა უნდოდა, მთელი „ოცნება" ჩარეულიყო და 135-ვე ხმა მიეღოთ? ასე მგონია, რომ ჩრდილოეთ კორეაში უნდათ, რომ დაბრუნდნენ , დამთავრდა ეგ, დასრულდა. აღარ იქნება, ვერ ეღირსებიან ჩვენთან მიმართებაში. სხვაგან შეიძლება გასდით და აკეთებენ, მაგრამ ჩვენთან ასე არ იქნება. ყველაზე მთავარი რა არის, დღეს, თუ იმ სპორტის მუშაკებს, ვინც არიან, ცოტა არ შეეცვალათ აზროვნება,  ყველას აქვს მოლოდინი, დღეს ირაკლი მოვიდა და ყველას გაყრიდა. ირაკლი სადაც მისულა, იმ ხალხთან  ერთად უმუშავია, ვინც ყოფილა ადგილზე,  არავინ გამიშვია სამსახურიდან, ამით ზრდიდნენ და აშინებდნენ. როგორ გითხრათ, ძალიან დაბალი დონის სვლაა. ეტყობა კიდეც რა დონეც არის საბუთებზე. გეთანხმებით, რომ ჩემი ბრალია, იმ  წუთში რომ არ ავტეხე ამბავი. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვარ  ისეთი ტიპი, ავტეხო წივილი-კივილი, გამოვარდნა, დღესაც  არ შემიძლია, ამიტომ ვუთხარი, რომ კამერა არ ყოფილიყო შიგნით, მინდოდა ჩვეულებრივად დაგლაპარაკებოდით. პირში რომ კამერა გიდევს, ადამიანი ვერ გელაპარაკება, ვერ გადმოსცემს იმას, რისი თქმაც უნდა. როცა შეურაცხყოფას  მოგაყენებენ, შენც ოდესღაც გაბრაზდები.  მე დღეს გაბრაზებული ვარ, მაგათზე, ყველაზე. არც ჯანოს აზრი მაინტერესებს, არც ლერის და არც შოთა ხაბარელის, არც ალეკო ახვლედიანის კიდევ. მაინტერსებს თქვენი და ფედერაციების აზრი, ვიდრე სხვა ვინმესი. როცა ხარ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, შენ იმათთან უნდა იმუშავო.  ამათთან რა საქმე გაქვს. ამაზე  გიჟდებიან რომ ვაბობ, ემზარ ზენაიშვილის ჭკუაზე მუშაობენ 25 წელია.

 

- საქართველოში, უმეტესწილად, სპორტული ორგანოებში არჩევნებისას, პოლიტიკური გავლენები იგრძნობა. თქვენთან დაკავშირებითაც, ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკური ზურგის გარეშე, ამ საქმეს ვერ წამოიწყებდით. თქვენი სახელი ხან ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს და მასთან მეგობრობას. ასევე, პრემიერ კვირიკაშვილსაც,   ვისი პოლიტიკური ზურგი აქვს ირაკლი მეძმარიაშვილს?


-  ბევრი მეგობარი მყავს, ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი - არაპოლიტიკოსი, ზოგი - ძველი მთავრობის და იმის წინას წევრი. ნაწილი - ახლანდელი. არასდროს, ამ  წუთში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენ.  არ არის ბატონი ბიძინა ჩემი მეგობარი.  ერთხელ ვარ შენახვედრი, 2009 წელს,  პრემიერსაც ერთხელ შევხვდი, მინდა გითხრათ, ისიც, შარშან. მეტი არ მქონია მათთან ურთიერთობა. სხვა რამესაც მაბრალებენ, თქვეს, „ცეხავიკიაო", ვანო ჩხარტიშვილის ზურგი აქვსო., პოლიტიკური ზურგი არ მაქვს,  პოლიტიკური ზურგი უნდათ მაგათ და ჰქონდეთ, ღმერთმა ხელი  მოუმართოთ, მე ვთქვი, რომ როგორც კი ასეთი საკითხები ერევა სპორტში,  ოლიმპიურში და სპორტის არჩევნებში, მაშინ არის  ცუდად საქმე და მაშინ არის, შედეგი რომ მიდის ნოლზე. ნურავინ იტყვის, თუ ლერი თუ არ იქნება, დაიქცევა  ქვეყანაო. რის ლერი თუ არ იქნა,კენედი მოკლეს და მაინც ცხოვრობს ამერიკა. ასეთი რაღაცეები უნდა  დავივიწყოთ. შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. ნებისმიერ ადამიანს მოეძებნება შემცვლელი, წყნარად იყოს ყველა. სასამართლო რასაც  გადაწყვეტს, იმას დავემორჩილოთ. მე ყველა საბუთს წარვადგენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner