logo_geo
eng_logo
გურამ შარაძე: შეთქმულები მეუფე დანიელს კათოლიკოს-პატრიარქობას ჰპირდებიან, სააკაშვილს კი – პრეზიდენტობას!
- +

14 თებერვალი. 2017. 11:24



გასულ კვირას პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, რადგან დაუშვებელია, უმძიმესი დანაშაულისათვის რამდენჯერმე ნასამართლევი პირი ადამიანების სულიერი მოძღვარი იყოს. პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების არაეთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ვესაუბრებით პარლამენტარ გურამ შარაძეს.


- ბატონო გურამ, როგორ შეაფასებთ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ საპატრიარქოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას?


- პრეზიდენტის მიერ საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. არ ვიცი, ვინ იგულისხმა პრეზიდენტმა და რომელი სასულიერო პირი ამხილა, მაგრამ ეს საკითხი უფრო გლობალურად უნდა იქნას განხილული. პრეზიდენტმა სამართალდამცავებს სახელმწიფოში წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა და სახელმწიფოში ეკლესიაც იგულისხმა. სწორედ ამიტომ ვიმეორებ წლების განმავლობაში, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი რელიგიის შესახებ, რათა მართლმადიდებლური ეკლესიის რეგისტრაცია კანონის საფუძველზე მოხდეს. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი სახელმწიფოსა და ეკლესიის ცალ-ცალკე არსებობის ფორმას, რადგან ეს დაპირისპირების საფუძველს ქმნის. გასული წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილ კონკორდატში წერია, რომ „მართლმადიდებლობა მუდამ იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგია". რა თქმა უნდა, ამან ჩემი აღშფოთება გამოიწვია. ჩემი ურყევი რწმენით, აქ უნდა ეწეროს: „მართლმადიდებლობა საქართველოში მუდამ იყო, არის და იქნება სახელმწიფო რელიგია". მაშინ ეკლესიის უმაღლესმა პირებმა „ამიხსნეს", - ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, თორემ საპატრიარქო სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან, საერთოდ, შესაძლოა, დეპარტამენტი გახდესო. ასე ეშინიათ ერთმანეთის სახელმწიფო მოხელეებსა და სასულიერო პირებს. საპატრიარქოს, ისევე როგორც სახელმწიფოს, სურს, მართვის სადავეები არ გაუშვას ხელიდან, ამასობაში კი ქვეყანა თავზე გვენგრევა. წარმომიდგენია, რაოდენ მტკივნეულად განიცდის საპატრიარქო პრეზიდენტის განცხადებას...


- ბატონო გურამ, არჩევნების წინა პერიოდში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს პოლიტიკური სარჩული ხომ არ უდევს?


- ეგრეთ წოდებული "ნაციონალური მოძრაობა" და მათი თანამოაზრეები გააფთრებით იბრძვიან, რომ მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დასავლურ-ამერიკულ ყაიდაზე ჩატარდეს და ხელისუფლებაში ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური ძალები მოვიდნენ. ამიტომაც, "მსოფლიო" აზრის დასაშოშმინებლად საჭირო გახდა მართლმადიდებლობისთვის "გალაწუნება''. ასეთი პოლიტიკა კი საქართველოს არ გამოადგება...

 

- პრეზიდენტმა სამართალდამცავებს რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღმოფხვრისკენაც მოუწოდა...


- პრეზიდენტის განცხადებაში მისი "მრჩევლების" უზარმაზარი გავლენა იგრძნობა. ამერიკულ-ევროპულ გრანტიჭამიებს პრეზიდენტი შეგნებულად შეჰყვათ შეცდომაში. გრანტების სანაცვლოდ მათ ევალებათ, დააკნინონ საქართველოში მართლმადიდებლობა და ეროვნული თვითშეგნება. სააკაშვილის, დავითაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, თევდორაძისა და მათი მეგობრების ოცნებაა, საქართველო გახდეს უსაზღვრო, უეროვნებო, უენო, ურელიგიო, დაჩოქებული და ნამუსახდილი ქვეყანა. ამიტომაც გამოვთქვამ განსაკუთრებულ შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, "თავისუფლების ინსტიტუტის" აღვირახსნილი მოქმედების გამო. პრეზიდენტი ეკლესიაში რომ ეძებს დამნაშავეებს, რა პასუხი მოსთხოვა მან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს თემურ მოსიაშვილს, რომელმაც სააკაშვილის დროშა აღმართა ბორჯომსა და მესხეთში? ნუთუ იმიტომ დათანხმდა პრეზიდენტი გუბერნატორის თანამდებობიდან გიგლა ბარამიძის წასვლას, რომ მოსიაშვილს სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა? თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ პრეზიდენტს: პასუხი მოსთხოვოს იმერეთის გუბერნატორს - ჭიათურაში, თეიმურაზ მოსიაშვილს - სამცხე-ჯავახეთში, ხოლო სააკაშვილს - თბილისის მერიის თავზე ანტისახელმწიფოებრივი დროშების აღმართვისათვის. ჩვენ იძულებული ვართ, მსოფლიო საზოგადოებას მივმართოთ თხოვნით: გვიშველეთ, რათა საქართველოში ქართველი ერი და მართლმადიდებლობა გადავარჩინოთ!

 

- ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის განცხადება მრევლზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?


- პრეზიდენტმა საპატრიარქოში მიმდინარე იმ შიდა პროცესებზე უნდა ატეხოს განგაში, რაც იქ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იგეგმება. მეუფე დანიელი, მეუფე ნიკოლოზი და საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე კათოლიკებისა და იეღოველების მოძმე პოლიტიკურ პარტიებთან არიან შეკრული. ეს ძალები მეუფე დანიელს კათოლიკოს-პატრიარქობას ჰპირდებიან, სააკაშვილს კი - პრეზიდენტობას. ამიტომაც ეახლა საპატრიარქოს წარმომადგენელი სააკაშვილს მერიაში და "უკურთხა" ჯვაროსნული დროშა. დღეს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი რომ ჩამოვიდეს თბილისში, შეხვდეს კათოლიკოს-პატრიარქს და იქ თვალი მოკრას იერუსალიმში განთავსებულ კათოლიკე ფრანცისკანელთა ორდენის ოფისზე აღმართულ ხუთჯვრიან დროშას, იმ წუთში შეაფურთხებს მას და საპატრიარქოში ფეხს აღარ შედგამს. ასე რომ, საპატრიარქოში შეთქმულთა მოღვაწეობა ძალიან სახიფათოა და ამაზე თვალის დახუჭვა დანაშაულის ტოლფასია.

 

- ესე იგი, პრეზიდენტმა შეიტყო, რომ საპატრიარქოში შეთქმულება იგეგმება და ამიტომ გააკეთა ასეთი მკაცრი განცხადება?


- არ ვიცი, ამ დასკვნამდე თავადვე რატომ მიხვედით და ეს შეკითხვა დამისვით... მაგრამ აქ დავასრულოთ ჩვენი საუბარი...



მაია მარგველანი

 

2003 წელი, 3-9 მარტი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner