logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე პროკურატურას გვარამია-ახვლედიანის საუბარზე გამოძიების დაჩქარებას სთხოვს
- +

14 თებერვალი. 2017. 11:55



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პროკურატურას თხოვნით მიმართავს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს გვარამია-ახვლედიანის საუბრის თემა, რომლის ავთენტურობაც უკვე დადგინდა. აღნიშნული თხოვნით პროკურატურას თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიმართა.


„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკ ახვლედიანს შორის გამართულ შეხვდერაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ის სასამართლოს მოქმედ თავმჯოდმარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ ქრთამის სახით მილიონებს სთავაზობდა. გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას", - განაცხადა თალაკვაძემ.


თალაკვაძის განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობა მიუთითებს იმაზე, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში.

 

„ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტები, „ნაციონალურ მოძრაობას" და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია მერიასთან და უზენაეს სასამართლოსთან.

 

დღეს სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი გამოძიება",- განაცხადა თალაკვაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან.

 

„იმედი მაქვს, სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არა ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის შემთხვევას", - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner