შპს „საქართველოს თაიგული" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დაათვალიერა.
„მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ასევე, შპს „საქართველოს თაიგულის" დირექტორს, რომლის საწარმო არის მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთობისა. ჩაი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი რეგიონისთვის და მისი აღორძინება გურიაში საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს", - განაცხადა გია სალუქვაძემ.
როგორც საწარმოს დირექტორმა ილია ბასილაშვილმა განმარტა, საწარმოს აშენებაში მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტი, იაფი სესხი და გრანტი დაეხმარათ. შეძენილია საჭირო მანქანა-დანადგარები და საწარმო მაისის თვეში შევა ექსპლოატაციაში.
„მიხარია, რომ სწორედ დღევანდელი მთავრობის პირობებში მოხდა საქართველოში ქართული ჩაის დაბრუნება. სოფლებში ჩაის პლანტაციები აღდგება და დასაქმდებიან ადგილობრივები. იმედი მაქვს ჩვენს პროდუქციას მალე ევროპის ბაზარზეც ვიხილავთ", - ილია ბასილაშვილი.