ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც გასულ კვირას ვიზიტით აშშ-ს ეწვია, განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა მსოფლიო ლიდერის როლი დაკარგოს. აღნიშნულის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ გერმანულ Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არასოდეს მინახავს აშშ ასე პოლარიზებული, გაყოფილი და კონფლიქტებით დატვირთული როგორც ახლა არის. ის, ვისაც მართლა სურს მსოფლიო ლიდერის როლის თამაში, შიგნიდან ძლიერი, დაჯერებული და გაერთიანებული უნდა იყოს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
„როდესაც მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია ასეთ განსაცდელშია, ეს შეიძლება დესტაბილიზირების ფაქტორი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა მოგერინიმ.
მისი თქმით, აშშ არ უნდა ჩაერიოს ევროპის პოლიტიკაში.
„ჩვენ არ ვერევით აშშ-ის პოლიტიკაში და ევროპელები იმედოვნებენ, რომ ამერიკა ასევე არ ჩაერევა ევროპის პოლიტიკაში", - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.