„თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, რომ გიორგი მამალაძეს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს", - ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
გედევან ფოფხაძე თვლის, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ძიება უნდა წარიმართოს ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე. გედევან ფოფხაძე დაცვის მხარის განცხადებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ პოზიციის დაფიქსირების საშუალება სასამართლოზე მიეცემათ.
„მამა გიორგი მამალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის სასამართლოს პრეროგატივა, თუ სასამართლო არგუმენტირებულად ჩათვლის პროკურატურის მიერ დადებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ დაკავებულის გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან ხელს შეუშლის ძიებას, ამაში სასამართლოს ხელი არ უნდა შევუშალოთ. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს, რომ მათ არ ეძლევათ პოზიციის დაფიქსირების საშუალება, არსებობს სასამართლო, სადაც ისინი სრულად მოახერხებენ თავისი მტკიცებულებების წარდგენას. გასაგებია, რომ ჰუმანურობა იქნებოდა, თუ მამალაძეს არ შეეფარდებოდა წინასწარი პატიმრობა, მაგრამ საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაში სამართალდამცავი ორგანოების გარდა, არავინ ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მამალაძე არ იყო მარტო თავისი ქმედებების დროს, ალბათ დატოვებს პატიმრობაში, რათა გავლენა არ მოხდეს სხვა პირებზე, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა. წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის ძიების ობიექტურ ჭრილში წარმართვას, რაც, მისი აზრით, მიზანმიმართულად ხორციელდება.
„ძიება მიმდინარეობს, მაგრამ არიან დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ ძიებას. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში გარკვეულ ფონს ქმნის, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგეს. მე მიმაჩნია, რომ საქმის ირგვლივ განცხადებების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, ძიების დასრულებამდე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.