„რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმა ზვიად ნაზღაიძე ადასტურებს, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ზვიად ნაზღაიძემ განუცხადა, გამოძიებას კითხვები მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელზეც მერიამ კომპენსაცია გასცა. მისივე თქმით, გამოძიება საქმესთან მისი დის შესაძლო კავშირით არ დაინტერესებულა.
ნაზღაიძის განმარტებთ, მან გამოძიებას ყველა დოკუმენტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია მიწის ნაკვეთის რეალური მეპატრონისა და მისი ურთიერთობა.
„მე ქრონოლოგიურად მოვუყევი ყველაფერი, რაც იყო ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მივაწოდე ყველა დოკუმენტი, რაც მქონდა ხელთ, მათ შორის 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ჩემსა და ზვიად ჩოხელს შორის, ასევე ვალის აღიარების ხელწერილი და ა.შ. ზვიად ჩოხელმა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა დაიწყო ჯერ კიდევ 2015 წელს, მაშინ, როდესაც ჩემს დას „რუსთავი 2"-ის საქმესთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. გამომძიებლებს ჩემს დაზე არავითარი კითხვა არ დაუსვამთ. ნატა ნაზაიძე საერთოდ არ იყო საქმის კურსშიც კი ბოლო პროცესებზე, რაც ამ მიწის ნაკვეთის გარშემო განვითარდა. ჩემი და არ იყო დაინტერესებული ბოლო პროცესებით, თუ რას ვაკეთებდი. არ ეკუთვნოდა ეს მიწის ნაკვეთი ჩემს ოჯახს და აღარ იყო საინტერესო მათთვის", - განაცხადა ზვიად ნაზღაიძემ.
მისივე თქმით, მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ კომპენსაციის სახით გასცა, სტიქიის ზონაში მდებარე ნაკვეთის სანაცვლოდ უკვე გადაფორმებულია ზვიად ჩოხელზე და ეს ქონება მისი საკუთრება აღარაა.