logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: ნიკა გვარამია თავისი მოღვაწეობით ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და ლაქაა
- +

15 თებერვალი. 2017. 15:26



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გვარამიას გადაწყვეტილება, დაკითხვაზე არმისვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ლოიალობასა და დემოკრატიულობაზე მეტყველებს. როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში მსგავსი რამ არ ხდებოდა, რადგან ხალხს დაკითხვაზე კი არ იბარებდნენ, ქუჩაშივე იჭერდნენ, გვარამია კი სწორედ ამის ღირსია.


„გვარამიას ქცევა აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ბევრად დემოკრატიულია, ვიდრე მათი. თქვენ წარმოგიდენიათ, რომ მათი ხელისუფლების პერიოდში ვინმე დაკითხვაზე დაებარებინათ? არც იბარებდნენ, პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ და ქეჩოთი მიათრევდნენ. მე ვფიქრობ, რომ გვარამია ამას იმსახურებს, ისევე უნდა მოექცნენ. უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლება დემოკრატიული და ლოიალურია, თორემ, მე არ ვთვლი, რომ ეგ ადამიანები ასეთ მოპყრობას იმსახურებენ.

 

მე ხომ ექსპერტი არ ვარ, ჩანაწერის ავთენტურობაზე რომ ვიმსჯელო. ხმები ჰგავს, თვითონაც, მგონი, არ უარყოფდა, მაგრამ ახლა იძახის, რომ იქ რაღაც დაამონტაჟეს, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მაგ ადამიანის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეგ ადამიანი თავისი წარსულითა და მოღვაწეობით ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და ლაქაა", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი-2"-ის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დავა ორ კერძო პირს შორის მიმდინარეობს. მან ასევე ისაუბრა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის გადარიცხულ მილიონ ლართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რადგანაც ამ საკითხს საგამოძიემო მოქმედებების ჩატარება არ მოჰყვა, ის უბრალოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული.


„სიმართლე გითხრათ, არ არის ეს თემა აქტუალური ჩემთვის, რასაც ამბობენ იმას ვეთანხმები, არის ორი კერძო პირის დავა, სიღრმეში არ შევდივარ, არ მაინტერესებს.

 

რადგანაც ნაზღაიძის ძმასთან დაკავშირებული განცხადებებიდან შედეგი არ დგება, არ ხდება არავის დაკავება და საგამოძიემო მოქმედებების ჩატარება, ესე იგი არ არის ხელმოსაკიდი საკითხი, ისე, უბრალოდ ჭორის დონეზეა", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner