ავტორი სალომე უერთაშვილი
„დღეს „საზოგადოებრივში" ის ხალხია, ვინც კინწურაშვილმა მოიყვანა. საააკაშვილის დროს რომ მოხდა ტელევიზიაში კარდინალური წმენდა, ისეთი არასდროს მომხდარა", - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რამაზ საყვარელიძე გამოეხმაურა ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არხზე არსებული გადაცემები უნდა დაიხუროს. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, „საზმაუწყებელი" არ უნდა დაიხუროს, თუმცა, ტელევიზია სრულიად არასწორად არის აგებული. მისი თქმით, ბორდს არ აქვს იმდენი უფლებები, რამდენიც საჭიროა, ამიტომაც რთულია, მას მოჰკითხო პასუხი მილიონების გაფლანგვასთან დაკავშირებით.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" აუცილებელია, მაგრამ ის აბსოლუტურად არასწორად არის გაკეთებული. თუ ბორდი გაქვს, იმ ბორდს უნდა ჰქონდეს ფინანსებში ჩახედვისა და სტრატეგიის დაგეგმვის უფლება. თუ არცერთის უფლება არ აქვს , რად გინდა ასეთი ბორდი? ვჩივით, რომ 40 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ვინაა პასუხისმგებელი - დირექტორი თუ ბორდი? ბორდი არ არის პასუხისმგებელი, გეტყვის, რომ ბიუჯეტში არ მახედებენო.
0%-იანი რეიტინგიო, ამბობენ, რეიტინგის დათვლაც არაა სწორი, „საზოგადოებრივს" იგივე რეიტინგი არ უნდა ჰქონდეს, რაც კომერციულ ტელევიზიას. ეს საკითხიც მოსაგვარებელია, ახლა მიხვდნენ და კრიტერიუმებზე ფიქრობენ. ფიქრი რომ დაწყებულია, უკვე დადებით მოვლენად მიმაჩნია და ეჭვი არ მეპარება, რომ არ მოხდება ასე კარდინალურად გათიშვა, მით უმეტეს, თუ ტელევიზიის გადარჩენის სურვილი 1% მაინც არის", - განაცხადა საყვარელიძემ.