მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი და შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ბოლოს, შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის დირექტორი მაია რჩეულიშვილი, მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დასაუფლებლად, შეუთანხმდა ამავე საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების უფროსს - ქეთევან ჟორდანიას, რათა ეს უკანასკნელი დაკავშირებოდა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის" მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და იმ მოტივით, თითქოს მათი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციების შესაყვანად საჭირო იყო დამატებითი თანხების მობილიზაცია, მოეთხოვა თითოეული მათგანისთვის 1 870 ლარის გადახდა. მ. რჩეულიშვილის დავალების შესაბამისად, ქ. ჟორდანია დაუკავშირდა ობიექტის მენაშენეებს, მოსთხოვა მათ და 2014-2016 წლების განმავლობაში შეატანინა ჯამში 258 092 ლარი, საიდანაც მიზნობრიობით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადარიცხული იქნა მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას - 236 177 ლარს ქეთევან ჟორდანიას დახმარებით დაეუფლა მაია რჩეულიშვილი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემული ეტაპისთვის „ცენტრ პოინიტ ჯგუფის" დამფუძნებლისა და დირექტორის მაია რჩეულიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ორი სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით და ასევე სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტები (ე.წ. „აჭარის მაგნოლიის" ეპიზოდი).
მიუხედავად იმისა, რომ მაია რჩეულიშვილს ბრალდების ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო 250 000 ლარის ოდენობით და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე 2014 წლის ნოემბერში წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მან კვლავ განაგრძო მოქმედება მენაშენეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დასაუფლებლად და ეპიზოდი, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება, ჩადენილია გირაოში ყოფნის პერიოდში.
მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიასთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.