ავტორი სალომე უერთაშვილი
„ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ შეიძლება, პირი დამნაშავედ იქნეს გამოცხადებული, სანამ კანონიერ ძალაში არ შევა განაჩენი მის მიმართ, მაგრამ, თუ ჩვენ გავიზიარებთ იმ მოცემულობას, რაც არის, ავცდით საკმაოდ დიდ უბედურებას", - ამის შესახებ „უფლებადმცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მჟავანაძეს თქმით, ძალიან დიდი შეთქმულება მზადდებოდა პატრიარქის წინააღმდეგ და შეუძლებელია, იქ მხოლოდ ერთი პირი - მამალაძე ფიგურირებდეს, მისი განცხადებით, მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ამ საქმეში „ნაცმოძრაობა" იყოს ჩართული.
„თუკი ეს ასე მოხდა და მამალაძე მართლა აპირებდა ვიღაცის მოწამვლას, შეუძლებელია, ის მარტო ყოფილიყო. აქ იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფი, ეს იყო არა მარტო პატრიარქის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯი. ეს არის ძალიან დიდი შეთქმულება. ჩვენ რასაც ვხედავდით, როგორი იერიში მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და მათთან დაახლოებული სასულიერო პირების მხრიდან, პატრიარქის მიმართ, სანამ ოპერაცია ჩატარდებოდა და შემდგომაც, ეჭვი გამიჩინა, რომ სწორედ ესენი ფიგურირებენ ამ საქმეში. ვის აწყობდა პატრიარქის სიკვდილი? დღევანდელ ხელისუფლებას რაში უნდა დასჭირვებოდა ეს? აწყობდა იმას, ვისაც დიდი არეულობა უნდოდა ქვეყანაში და ვის უნდა დიდი არეულობა ქვეყანაში? მივყვეთ ამ ლოგიკას. ფაქტია, რომ ჩვენ მომსწრენი გავხდებით არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საგარეო სკანდალებისა, რადგანაც ამაში შეიძლება ისეთი ძალები იყვნენ ჩართულნი, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს", - განაცხადა მჟავანაძემ.
ნიკოლოზ მჟავანაძე 14 თებერვალს ეთერში გასულ გადაცემა „არჩევანს" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს სურთ, პატრიარქს განცხადებებით გული გაუხეთქონ.
„გუშინ რომ ვუყურებდი „რუსთავი 2"-ს, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ანაფორაში გადაცმული თეა თუთბერიძე და გიგა ბოკერია გველაპარაკებოდნენ. ისეთი განწყობა შემიქმნეს, თითქოს პატრიარქი გადარჩა და ახლა უნდათ, გული გაუხეთქონ. ეს არის ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის შეტევა", - ამბობს მჟავანაძე.