საქართველოში პირველად, სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს საპარლამენტო კომიტეტზე წარადგინა.
მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში არიან მსჯავრდებულები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, თუმცა ისინი ვერ იღებენ უმაღლესი განათლებას.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ ისინი ყოველდღიურად გაგვეყვანა ლექციებზე, სემინარებზე, გამოცდებზე. საჭირო იყო ამ კუთხით საკანონმდებლო ნოვაციები. ამიტომ ჩვენ, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო რეგულაცია შევთავაზეთ საზოგადოებას - მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რისკი დაუდგინდებათ, მიეცეთ საშუალება ელექტრონულად (დისტანციურად) მიიღონ უმაღლესი განათლება. ამ უფლების რეალიზებას პენიტენციურ დაწესებულებებში სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა კახა კახიშვილმა და განმარტა, რომ აღნიშნული სერვისით დაბალი რისკის მსჯავრდებულები ისარგებლებენ. ამავდროულად, საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის მსჯავრდებულს ეს ნოვაცია უჩენს მოტივაციას, თუ სურს უმაღლესი განათლების მიღება, რისკი შეიმციროს.
ამ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება. საკანონმდელო ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მათ საშუალება ექნებათ უმაღლესი განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს.