არსებული ინფორმაციით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არაოფიციალური ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.
როგორც „რუსთავი 2" იუწყება, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.
დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია.
„პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ განუცხადა.
მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.
საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.