პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის დაბადების დღესთან დაკავშირებით ლელა ანჯაფარიძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„დღეს განსაკუთრებულად თბილისური დღეა... ისეთი, როგორიც იყო მაშინ, ჭადრებს რომ მიჰქონდა ქალაქი... მაშინ, ლაღიძის წყალს რომ სხვანაირი გემო ჰქონდა და კეკლუცმა, ბერძენმა მომღერალმა იოვანამ მსოფლიოს ყველა ქალაქებს შორის, მაინცდამაინც თბილისს რომ დაადგა თავისი მაყვლისფერი თვალები...
ზუსტად ამ დღეს, 1920 წლის 28 მარტს, დაიბადა არაჩვეულებრივი, განუმეორებელი, დახვეწილი კაცი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მეფის პირდაპირი შთამომავალი, პეტრე ბაგრატიონი-გრუზინსკი...
ბებიაჩემმა იცოდა თქმა, „ქალს ჯიში კოჭებში ეტყობაო" და სულ კოჭებს ვისინჯავდი, სანამ მივხვდებოდი, რომ „კოჭი" პირობითი ცნებაა და მაინცდამაინც ფეხის გეოგრაფიულ კოჭს არ ნიშნავს. ბატონ პეტრეს ჯიში და შთამომავლობა ეტყობოდა ყველაფერში: საუბარში, გამოხედვაში, მიხვრა-მოხვრაში, ქალისადმი დამოკიდებულებაში, და, რაღა თქმა უნდა, ლექსებში...
ძალიან მიყვარს მისი ლექსები, ბოლომდე ჩემია...
„დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ..."
მეტი რაღა უნდა უთხრა ქალს, მე არ ვიცი...
საოცარი, იცით, რა არის... როგორც წესი, ითვლება, რომ სიმღერის მთავარი ავტორი არის კომპოზიტორი და მერე მოდის პოეტი. ბატონი პეტრე კი იყო სიმღერების სრულუფლებიანი თანამფლობელი... ლექსი და მუსიკა ისე იყო გადახლართული ერთმანეთში, რომ ვისაც სმენა ჰქონდა, მელოდიას ღიღინებდა, ვისაც არა, ლექსს „მღეროდა"... არადა, რა სიმღერები იყო...
„თბილისო",„მიმღერე რამე", „სადაც გინდა, იქ ილოცე"; „გაზაფხულდა"; სიმღერები ფილმებიდან : „ბაში-აჩუკი", „დღე პირველი, დღე უკანასკნელი", „აბეზარა", „მხიარული რომანი", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", „განგაში", „მიმინო"...
ბატონ პეტრეს ბავშვობიდან ვიცნობდი, საოცრად თბილი იყო და ყოველვის განსაკუთრებული შეხვედრა იცოდა. მაგრამ სულ მხოლოდ ერთხელ გავბედე და ვესაუბრე როგორც უფროსი უფროსს, ეს მოხდა „საესტრადო პანორამის" გადაღებისას, სადაც გალიჩკამ მოიწვია. სახლში რომ დავბრუნდი აღფრთოვანებული, ლექსი დავუწერე და დედიკოს გავატანე.
სამწუხაროდ, მახსოვს მხოლოდ ლექსის ბოლო
„რა კარგია, თვალები რომ ლურჯი ზღვაა...
რა კარგია, როცა გული ასე ღრმაა,...
სიმღერის და ლექსის მეფე როცა გქვია
და ყველაფრით მეფე რომ ხარ, რა კარგია".
გალიჩკა სახლში რომ დაბრუნდა, ცუდ ხასიათზე იყო, ბატონი პეტრე თავს კარგად არ გრძნობსო, გადაღებაზე არ მოვიდა და შენი ლექსი ბუბას გავატანეო მასთან...
რამდენიმე დღეში რეკავს ტელეფონი, მივედი და
- ლელა ხარ?
- დიახ, ვინ ბრძანდებით?
- პეტრე ვარ გრუზინსკიო...
გეფიცებით, თავიდან არ დავიჯერე, თანაც ცოტა გაურკვევლად საუბრობდა, უჭირდა თითქოს და უცებ გამახსენდა გალიჩკას სიტყვები...
„მართლა პეტრე ვარო, შენი ლექსი წავიკითხე. ძალიან მომეწონა და დიდი მადლობაო"...
წარმოგიდგენიათ, ცუდად იყო, ძლივს ლაპარაკობდა და დამირეკა, მადლობა რომ ეთქვა პატარა გოგოსთვის... იცოდა, რა სიხარულს მომიტანდა მისი ზარი და არ დაიზარა... აი, ასეთი იყო ბატონი პეტრე.
მისი ჯანმრთელობის გაუარესების ამბავს მთელი ქალაქი განიცდიდა, ყველა მასზე საუბრობდა. მაშინ ასეთი თბილისი იყო, ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა... (მერე ყველაფერს შევეჩვიეთ თუ გადავეჩვიეთ, ვინ იცის).
ერთხელაც ჯემალიკო მოვიდა და ბიჭებმა მოყვესო. პეტრესთან ექიმი მისულა და ასე უთხრა; „თუ გინდა იცოცხლოო, დალევა, მოწევა და ქალები უნდა დაივიწყოო". პეტრეს უკითხავს: „აბა, რა ვაკეთოო" და ექიმმა: „ლექსები წერეო". პეტრემ კი ასე უპასუხა; „თუ არ მოვწიე, არ დავლიე და ქალთან არ გავიარე, ლექსს რა დამაწერინებსო"... ჯემალიკოს უხაროდა, ხუმრობს, ესე იგი გადარჩაო... სხვათაშორის, წლების მერე, ჯემალიკოს მოსკოვიდან რომ ვესაუბრე ბოლოჯერ (როგორც აღმოჩნდა), მეც თავს ვიწყნარებდი, ხუმრობს, ესე იგი, გადარჩა-მეთქი...
ჩემო საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რადგანაც ამ დღეს დაიბადა კაცი, ვინც, მართალია, საოცრად დააკლდა თბილისს, მაგრამ სანამ იყო, ალამაზებდა და აკეთილშობილებდა ქალაქს.
გილოცავთ მოახლოებულ აპრილს და, თქვენი ნებართვით, ბატონი პეტრეს ლექსით დავასრულებ:
„გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის".
აი ეს „დაჰყრის და დაჰყრის" არის, რომ „მკლავს და მკლავს", - წერს ანჯაფარიძე.