პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე შეტევა უნდა შეწყდეს.
ბესელიას თქმით, მისთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს გამოძიება ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ.
„კარგია, რომ ამ პროცედურით ხდება დაკითხვა. რაც შეეხება იმას, რა იქნება შემდეგ, ეს ჩვენ არ ვიცით, გამოძიებას აქვს მინდობილი საქმე და მან უნდა გადაწყვიტოს, დაკითხვის შემდეგ რა საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. ეს შეტევები, რაც ხორციელდება სასამართლოზე, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ეს ფონი უნდა მოიხსნას", - განაცხადა ბესელიამ.
„რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაჰკითხავენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს.
2016 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი, რომელიც მოსამართლეების შესაძლო მოსყიდვას შეეხებოდა.