უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე პროკურატურასა და ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში არ შეუყვანია.
„ძალიან გთხოვთ, ნახოთ, რა პოზიცია მქონდა მაშინ. დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, რომ თუ რა ტიპის დანაშაულთან გვქონდა საქმე და ვის წინააღმდეგ იყო ეს დანაშაული მიმართული, ამას დაადგენს გამოძიება და ჩვენ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ. სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე არაერთმა ადამიანმა, ოპონენტმა, პოლიტიკურმა პირმა ოპოზიციიდან სცადა, რომ თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად. 13 თებერვალსაც ვთქვი და დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, უნდა ვაცადოთ გამოძიებას, თავისი საქმე გააკეთოს. პრემიერის განცხადებაშიც ნათლად ჩანს იგივე პოზიცია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში შეუძლებელია, რომელიმე მედიამ გამოძიების დასრულებამდე წინასწარ დაადგინოს, თუ რა მოხდა", - განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს" და აღნიშნეს, რომ არა თუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".