„არავითარ გაუგებრობას არ აქვს ადგილი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროკურატურის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება.
„არავითარ გაუგებრობას არ აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ, ძალოვანი სტრუქტურების სახელისუფლო გუნდის კოორდინაციის შედეგად, ქვეყანას ავაცილეთ ძალიან დიდი ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს" და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".