„საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ხდება პოლიტიკისგან თავისუფალი, ღია და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რუმსში" გამართული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას. კვლევაში მოცემულია საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის მიმართ.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2012 წლის შემდეგ დაიწყო და მისი მიზანია, ერთი მხრივ, მთავრობის მიერ გამჭვირვალე და დემოკრატიული მმართველობის განხორციელება, მეორე მხრივ ევროკავშირის საჯარო სივრცესთან დაახლოება. მისი თქმით, 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020", რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საშუალოვადიან პოლიტიკას ამ სექტორში.
„საჯარო მმართველობის რეფორმა განხორციელების პროცესშია და მოიცავს ისეთ სფეროებსა და მიმართულებებს როგორიცაა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი მმართველობა... ყალიბდება კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი, საჯარო მოხელეს ეძლევა მუდმივი განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.
პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შეფასება უკავშირდება საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების თვალსაჩინო ტენდენციას, რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის ჩამოსაყალიბებლად.
ასევე, იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემის ზრდის მაჩვენებელი, რაც გამოიხატება მოქალაქეებისადმი უფრო ჰუმანური დამოკიდებულისა და საზოგადოებაში პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულებების მიმართ შიშის განცდის მოხსნით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს შეფასება, რაც ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სისტემური რეფორმები მიდის სწორი გზით და შედეგი თვალსაჩინოა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, რომელმაც 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობისთვის საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელთა აქტიური ჩართულობით რეფორმა ხორციელდება.