აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ მოსკოვთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას რეალისტურად აფასებს და რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარს აპირებს.
მეტისმა ეს განცხადება ბრიუსელში, NATO-ს წევრი თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრის ძირითადი საკითხია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფინანსება.
„მხოლოდ ამერიკელი გადამხდელები დასავლური ფასეულობების დაცვას ვერ უზრუნველყოფენ. ამერიკელებს არ შეუძლიათ, თქვენზე მეტად იზრუნონ თქვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა მეტისმა.
ექსპერტების განცხადებით, ეს აშშ-ის მაღალჩინოსნის მხრიდან მოკავშირეების ყველაზე მწვავე კრიტიკა იყო მრავალი წლის განმავლობაში, ვინაიდან მათი უმეტესობა თავდაცვის ბიუჯეტის ვალდებულებებს არ ასრულებს. ამჟამად მხოლოდ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, საბერძნეთი და პოლონეთი ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ნატოს ბიუჯეტთან დაკავშირებით. სხვა ქვეყნების ნატოს დაფინანსებაში საკუთარი წვლილის ეტაპობრივი ზრდა დაიწყეს.