logo_geo
eng_logo
„ისეთი ადამიანები „გულშემატკივრობენ" ეკლესიას, რომელნიც არასოდეს გამოირჩეოდნენ მისი სიყვარულით..“
- +

17 თებერვალი. 2017. 01:10


 

 

„ჩვენი ქვეყანა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი განსაცდელის წინაშე დგას, საინფორმაციო საშუალებები - ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტ-სივრცე ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით საეკლესიო თემატიკით იწყებენ და ამთავრებენ. საოცარია ის, რომ ისეთი ადამიანები „გულშემატკივრობენ" ეკლესიას, რომელნიც არასოდეს გამოირჩეოდნენ მისი სიყვარულით..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წერს.


„დღეს, როგორც არასდროს ჩვენ საზოგადოებას, სასულიერო დასს, მაღალ იერარქებს ჰმართებთ ცივი გონებითა და პირუთვნელობით ეძებოს შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი, ის, რაც სამართალდამცავი უწყებების გამოსაძიებელია, მათ მივანდოთ, ხოლო რაც თითოეული ჩვენგანის საქმეა, ჩვენ გავაკეთოთ.

 

ყველანი შეწუხებულნი ვართ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ღვთის შეწევნით და გერმანელი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა მთავარია რეაბილიტაციის პერიოდი, ჩვენ კი ჩვენს ამაგდარ პატრიარქს ისეთ ვითარებას ვახვედრებთ სამშობლოში, რომ კიდევ უფრო ვუმძიმებთ ჯანმრთელობას, თუ მართლა გვაღელვებს ეკლესიის მომავალი, ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა პატრიარქს, წმიდა სინოდს მივანდოთ...

 

P.S. საინფორმაციო საშუალებები კომენტარს მთხოვენ, თუ ყოფილა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პატრიარქის ან სასულიერო პირების მიმართ ძალადობა, მოწამვლის მცდელობა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები იყო, 1744 წელს მეტეხის მიდამოებში, მოსყიდულმა ტარიელ თაზიშვილმა მიპარვით ხანჯლით მოკლა უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ნიკოლოზი (ხერხეულიძე); 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე; 1918 წლის 17 სექტემბერს მოწამლეს და 18- ში გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე); 1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს აRქიმანდრიტი მირიანი (ბექაური); 1919 წელს საკუთარი სახლის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე...

 

მეგობრებო, დავიცხროთ ემოციები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დაველოდოთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის სამშობლოში დაბრუნებას. მას არაერთხელ მოუცია ჩვენთვის დიდი პრობლემების ღირსეულად გადაწყვეტის მაგალითი, დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება", - წერს სერგო ვარდოსანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner