logo_geo
eng_logo
საუკეთესო ოპერაცია ფარული მოსმენის ისტორიაში
- +

28 მარტი. 2016. 13:03



მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის ეზოში, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახანძრო მანქანა შევარდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობის ევაკუირება გახდა საჭირო. მეხანძრეებმა ხანძართან ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება, როდესაც მათ გზა შეიარაღებულმა საზღვაო ქვეითმა გადაუჭრა და დამტვრეული რუსულით შენობაში შესვლა კატეგორიულად აუკრძალა. აშშ-ის საელჩოში შეღწევის მორიგი მცდელობა საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის მარცხით დასრულდა. სამხედრო მზვერავების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საიდუმლო დოკუმენტაციისა და თავად ელჩის პირადი კაბინეტი, კრემლის ჯაშუშებისთვის კვლავ მიუღწეველი რჩებოდა.



აშშ-ის საელჩო რუსებისთვის ყოველთვის მსუყე ლუკმა იყო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ვერ მოხერხდა.



1943 წელს სტალინს, უნიკალური მოსასმენი მოწყობილობის შექმნის შესახებ უპატაკეს. მოწყობილობა კვების წყაროს არ საჭიროებდა. ადამიანის ხმის ზემოქმედებით მასში არსებული მემბრანის რხევა იცვლებოდა. საჭირო იყო მხოლოდ „ჟუჩოკიდან" ამ რხევების სიგნალის სახით მიღება, მისი მაგნიტურ ფირზე ჩაწერა და გაშიფრვის გზით, პირვანდელი საუბრის აღდგენა.



მოწყობილობის ავტორი ლევ ტერმენი გახლდათ. გენიოსი გამომგონებელი და მეცნიერი, 1939 წელს სსრკ-ში ამერიკიდან დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და ბრალად კიროვის მკვლელობის მომზადებაში თანამონაწილეობა დასდეს. ტერმენის თავის მართლებას ყური არავინ უგდო და მეცნიერს ხანგრძლივი დროით შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ ბანაკში უკრეს თავი.



მოწყობილობას „ოქროპირი" შეარქვეს. გადაუჭრელი მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა - მოწყობილობის აშშ-ის ელჩის კაბინეტში განთავსება.



ბერიას კაბინეტში საჩქაროდ იშვიათი მასალებისგან დამზადებული ძვირფასი სუვენირების უშველებელი კოლექცია მოზიდეს. ვერც ერთმა წარმოდგენილმა ექსპონატმა ბერია ვერ მოხიბლა. საჭირო იყო ისეთი ნივთი, რომელიც აღფრთოვანებულ ელჩს კაბინეტში მისი დატოვების სურვილს გაუჩენდა.



უალტერნატივობის პირობებში კრემლის მესვეურები ისევ ძველ მეთოდს „ტროას ცხენს" მიუბრუნდნენ. ყირიმში, არტეკის პიონერთა ბანაკში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პიონერებმა აშშ-ის ელჩს ხის უიშვიათესი და ძვირფასი ჯიშებისგან დამზადებული აშშ-ის გერბი მიართვეს. რუსმა ხელმარჯვე ოსტატებმა მართლაც ჩინებული ნამუშევარი შექმნეს. ელჩი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ხის გერბში, რომელსაც ის აღფრთოვანებული თვალებით უმზერდა, მოსასმენი მოწყობილობა

იყო ჩამონტაჟებული.



ოპერაცია „აღსარება" დაიწყო. ელჩის კაბინეტში მოხვედრილი „ტროას ცხენი" შვეიცარიული საათივით მუშაობდა. საბჭოთა დაზვერვა კაბინეტში გამართული საუბრების შინაარს, ამერიკის პრეზიდენტზე ადრე იგებდა.



გზის საპირისპირო მხარეს მდებარე შენობაში „КГБ"-ს ორი კონსპირაციული ბინა გაჩნდა. დამონტაჟებული სპეცაღჭურვილობით, საელჩოდან მიღებულ სიგნალებს აქვე შიფრავდნენ. შპიონაჟის სისტემა იდეალურად მუშაობდა: ამერიკელები საუბრობდნენ, რუსები იწერდნენ. მეტი რეალობისთვის, დილაობით ბინების აივნებზე გამოსული „დიასახლისები"" სარეცხს ფენდნენ და სახლის დალაგების ილუზიას ქმნიდნენ.



„ოქროპირმა" შვიდი წელი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში მან 4 ელჩი გამოიცვალა. კაბინეტის ყოველ ახალ ბინადარს ინტერიერში საკუთარი ცვლილებები შეჰქონდა. მხოლოდ პიონერებისგან ბოძებული გერბი რჩებოდა ადგილზე.



„ჟუჩოკის" არსებობა ამერიკელებმა 1952 წელს, სულ შემთხვევით აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა „ოქროპირი" დეტალურად შეისწავლეს და ერთხანს მის ანალოგზეც მუშაობდნენ.



დღეს გერბი მასში ჩამონტაჟებული „ოქროპირით" ვირჯინიას შტატში, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მუზეუმში ინახება.


 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner