რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურში ადასტურებენ.
უწყებიდან „პირველს" აცნობეს, რომ ფაქტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ, ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას ახდევინებენ და შემდეგ ათავისუფლებენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მოახდინა მათი ოკუპიაცია და დღემდე ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიების კონტროლს.