თბილისის დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, 650 კვიპაროსი დაირგო.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხე-მცენარეები მერიის წარმომადგენლებთან და თურქმენეთის ელჩ დოვლეტმურატ მურატოვთან ერთად დარგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
აქციის ფარგლებში, დენდროლოგიურ პარკში, 7000 კვ.მ ფართობზე, სულ 650 კვიპაროსის (1,20-2,0მ სიმაღლე) ნერგი დაირგო. აქედან, პარკის გასამწვანებლად 80 კვიპაროსი, საკუთარი ინიციატივით, თურქმენეთის საელჩომ შეიძინა.
„ღონისძიების ფარგლებში ხეები დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ირგვება, თბილისის ზღვასთან საკმაოდ ახლოს, რაც მომავალში ამ ტერიტორიის რეკრეაციული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობა. დღევანდელი ღონისძიების ინიციატორი, ჩვენთან ერთად იყო თურქმენეთის საელჩო, ვინაიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ურბანული გამწვანების თვალსაზრისით. ამდენად, მათი გამოცდილება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მეგობრობის და პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივად ჩვენს ქალაქზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო როგორც ეკოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საგაზაფხულო რგვები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. გაზაფხულზე, ქალაქის მასშტაბით, 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგვება. უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია: მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობი, ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორია, დიდი დიღმისა და ქალაქის შიდა, პარკ-სკვერებისა და ცენტრალური ქუჩების მიმდებარე ტერიტორია. დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.
2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.