ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი" ავრცელებს.
გამზარდიას განცხადებით, გამოძიების დაინტერესება 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება, სადაც ანალიტიკოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე წერდა, რომ მას საფრთხე ემუქრება.
არჩილ გამზარდია პროკურატურაში მისვლასა და გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემას გეგმავს.
„მოკლედ, ეს ხანები სულ მინდოდა დამეწერა და ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ დამეწერა, არა შიშის გამო, არამედ იმ შესაძლო შედეგების გამო, რაც სავარაუდოა მოჰყვეს ჩემს ნათქვამს. მაგრამ თქმა ხშირად პრევენციაა და ამის გამო გავაკეთებ. გნებავთ დაარქვით, რომ საიდანღაც ვიცი ან დამესიზმრა, ან ჩემი წარმოსახვაა, ან ლოგიკის შედეგი, მაგრამ... ძალიან სერიოზული რისკის ქვეშაა ჩვენი პატრიარქი. ჯერ იყო და თბილისში რამდენიმე კვირის წინ აპირებდნენ მისთვის ოპერაციის გაკეთებას, რაც პრაქტიკულად განაჩენი იქნებოდა მისთვის, შესაძლოა ყოფილიყო კიდეც საუბრები მაშინვე, რომ ოპერაციას მიზანმიმართულად აჩქარებდნენ, რომ სასწრაფოდ გათავისუფლებულიყო პატრიარქის სტატუსი. მე მგონია, რომ ამ ამბავზე სერიოზული ჭიდილიც იყო. შესაძლოა, მსურველებმა ვერ გაიტანეს ეს. ახლა მგონია, რომ გაარიდეს და შეეცდებიან, ევროპაში ჩაატარონ ეს ოპერაცია, რომლის შედეგიც ცალსახად ლეტალური უნდა იყოს. რატომ? რისთვის? ამის პასუხი არავის გაუჭირდება. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ჩემი არასწორი წარმოსახვაა, რასაც ვწერ, უწყებებს ვერავის მივმართავ, რადგან არც იმედი მაქვს (გამოცდილებამ მიჩვენა) და აზრიც არ აქვს. ამიტომ, ნურაფერს მკითხავთ, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, სადაც პატრიარქის მოკვლა უნდოდათ, რაც ადვილად გასაღდებოდა ბუნებრივად, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩავთვალოთ, რომ სიზმარში გავიგე, როგორ უპირებდნენ პატრიარქს ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, როგორ გაუმზადეს მას მაგიდაც კი საოპერაციო, როგორ მზადდებოდა მისი ლიკვიდაცია. ახლა კი ამას ქვეყნის გარეთ ცდილობენ. ჩათვალეთ, რომ მეჩვენება, მთავარია, ვთქვათ და გამოვთქვათ, რომ ძალიან ფრთხილად მიუდგეს სპეცსამსახურებიც, სინოდის დაინტერესებული წევრებიც იმას, რასაც პატრიარქის უსაფრთხოება ჰქვია. ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში", - წერდა არჩილ გამზარდია Facebook-ის პირად გვერდზე 8 თებერვალს.