იურისტმა ლილიკო გელაშვილმა პატიმრობაში მყოფი დეკენოზის საქმის დეტალები ჟურნალისტი ირაკლი მამალაძისგან იანვრის ბოლოს შეიტყო და მას სამართალდამცავებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდა.
„ირაკლი მამალაძემ დაგვიბარა და გვითხრა. ის გამოთქვამდა შიშს და ვარაუდს, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო . 24 იანვრიდან შეიძლება ითქვას რომ არ გვძინებია, ისეთი შოკისმომგვრელი იყო ის ინფორმაცია რაც მან მოგვაწოდა, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვითვლია რომ ეს იყო უტყუარი ურთიერთობა და ამიტომ ეს ამბავი დროში გაიწელა", - განაცხადა იურისტმა ლილიკო გელაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემა „პრიორიტეტის დღევანდელ პირდაპირ ეთერში.
„ამის შემდეგ ირაკლი მამალაძემ რამდენიმე მტკიცებულება წარმოგვიდგინა, რომელთა შინაარსზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გაფრთხილებულები ვართ რომ არ გავცეთ გარკვეული ინფორმაცია. თუმცა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ჩვენ გავიგეთ, აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ჩვენი პირველი რჩევა ირაკლი მამალაძისთვის იყო ის, რომ მას მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. თუნდაც მთავარი პროკურატურისთვის", - განაცხადა იურისტმა.
პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.