logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ჩვენი ფრაქციისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა შედგა
- +

18 თებერვალი. 2017. 02:37


 

„დღეს შედგა ჩვენი ფრაქციისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა კულტურის სამინისტროში. თემა- საქართველოს მუზეუმებში შექმნილი ვითარება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წლების მანძილზე აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას და დეტალურ ინფორმაციას ფლობს საქართველოს მუზეუმების საცავებსა და ფონდებში არსებულ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ჩვენ დოკუმენტებით, საპასუხო წერილებით, ფოტომასალით აღჭურვილნი მივედით ამ შეხვედრაზე. შეხვედრას, ჩვენი მხრიდან ცნობილი ექსპერტი ნოდარ ახალკაციც ეწრებოდა. სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე, მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

 

შეხვედრა სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზენტაციით დაიწყო. ძირითადად იმ მუზეუმების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. გაგვაცნეს მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ისაუბრეს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის ერთიანი ელექტრონული სისტების შექმნის პროგრამაზე, რაც, ჩვენი აზრითაც, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამის შემდეგ გადავედით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დეტალურ განხილვაზე. კულტურის სამინისტრომ პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ პრობლემები, საფრთხეების და რისკების თემა წამოვწიეთ წინა პლანზე. ნინო მიქიაშვილს რვაგვერდიანი დოკუმენტური მასალა ჰქონდა მომზადებული, თანდართული დოკუმენტაციით. დავიწყეთ კოლექციების ე.წ. ევაკუაციის თემით, დავსვით საკითხი,- არსებობს თუ არა სპეციალსიტების დასკვნა, როცა აპირებენ კოლექციების გადატანას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. საილუსტრაციო მაგალითად მოვიყვანეთ ხელოვნების მუზეუმის კოლექციების, ჩვენი ეროვნული საგანძურის დაცვის თემა. მიმდინარე რემონტის მოტივით, ეროვნული მუზეუმის დირექცია ხელოვნების მუზეუმის ფონდების ე.წ. ევაკუაციაზე საუბრობს, ვინაა პასუხისმგებელი, რომ გადატანის პროცესში ჩვენი ეროვნული საგანძური ან არ დაზიანდება და ან არ დაიკარგება. ეს ერთი შეკითხვა და მეორე- რატომაა აუცილებელი საგანძურის გატანა ხელოვნების მუზეუმის სივრციდან სხვა სივრცეში? კულტურის მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ხელოვნების მუზეუმის ფონდების დაცვის საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს. რომ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, ვერც ერთი ნივთი საცავიდან ვერ გავა. ნინო მიქიაშვილმა დაუმატა,- ასევე, საპატრიარქოს თანხმობის გარეშეო, ვინაიდან ჯვარ-ხატები საპატრიარქოს საკუთრებაა. მინისტრი დაეთანხმა. ნინო მიქიაშვილმა დააყენა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციისა და თანამედროვე ქანდაკებათა საცავის გაძარცვის საკითხი. მე აღვნიშნე, რომ ცისფერი გალერეის ფონდსაცავი თეატრალური ინსტიტუტის სარდაფშია გადატანილი. სხვენსა და სარდაფებში ფონდების განთავსება კანონითაა აკრძალული. ვისაუბრეთ ქარვასლაში შექმნილ მდგომარეობაზე. ქარვასლაში 10 ფონდსაცავის კოლექციები ერთადაა განთავსებული, არ არის კლიმატკონტროლი და სპეცინვენტარი, ასევე, ელექტროგაყვანილობა. ეს აღწერილია კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურის 2016 წლის დასკვნაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის (დავით ლორთქოფანიძე) ირგვლივ საკმაოდ კომპეტენტური და საგულისხმო დასკვნა დადო. ქარვასლაზე ვსაუბრობდი. არაა კლიმატკონტროლი და ამ დროს, ეროვნულ მუზეუმს ქარვასლის ფართობი იჯარითა აქვს გადაცემული „მეიდან-ჯგუფზე". კანონის თანახმად, მუზეუმის შენობაში აკრძალულია სხვა დაწესებულების ან ორგანიზაციის განთავსება. კანონი დარღვეულია. ნინო მიქიაშვილმა მინისტრს გაახსენა „ობიექტივის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ხელოვნების მუზეუმის საცავებში 6 დღის მანძილზე გამსკდარი მილიდან წყალი ჩაედინებოდა, ხოლო წყლის ნაკადის შეჩერება მხოლოდ „ობიექტივის" ეთერში გასული გადაცემის შემდეგ მოხერხდა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სხვადასხვა მუზეუმების ფონდები ერთმანეთშია აღრეული. მაგ. სიღნაღის მუზეუმის ფონდები გადატანილია გურჯაანის მუზეუმში, სადაც, ასევე, არასათანადო პირობებია და მაშინ ფონდების გადატანას რა აზრი ჰქონდა? ნინო მიქიაშვილმა რამდენჯერმე წამოწია ჟინვალის მუზეუმის გაძარცვის თემა. 2618 ექსპონატი დაიკარგა. გამოძიებამ ექპონატების მცირე ნაწილი დააბრუნა, მაგრამ დიდი ნაწილი დაიკარგა. დავსვით კითხვა: არის თუ არა პასუხისმგებელი ამ ფაქტზე დავით ლორთქიფანიძე? რატომ არ გაითვალისწინა მან მუზეუმების უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაცია, რომ აუცილებელი იყო სიგნალიზაციის დამონტაჟება, როგორც ჟინვალის მუზეუმში, ისე ცისფერ გალერეაში. კიდევ ერთი თემა- დროებით გადაცემული ექსპონატების დაბრუნებას შეეხო. ქალბატონმა ადა მარშანიამ სოხუმისა და ცხინვალის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პერპექტივაზე ისაუბრა. ბოლოს, ჩემი ინიციატივა იყო,- შეგვექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუზეუმების საცავებისა და ფონდების თემაზე იმუშავებს და თვეში ერთხელ შეიკრიბება. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა გაიზაირეს და მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება. დღეს მეც და ნინო მიქიაშვილსაც ძალიან დატვირთული დღე გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ამ ინფორმაციას გიზიარებთ. უფრო დეტალურად შეხვედრის თემაზე ნინო ამ დღეებში დაწერს", - წერს ინაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner