logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ის პროცესი, რაც ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიდის, აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო
- +

18 თებერვალი. 2017. 15:13



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში არხის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. როგორც ანთაძემ განაცხადა, მათ თავიდანვე ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დირექტორატის მიერ წარმოდგენილ რეფორმას ინსტიტუციური მხარდამჭერი არ ეყოლებოდა.


„წინააღმდეგობას ველოდებოდით და თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ ინსტიტუციური მხარდამჭერი ამ რეფორმას არ ეყოლებოდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა იმედი და გვაქვს დღემდე, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც არის რეალური მფლობელი „საზოგადოებრივი მაუწყებლისა", ბევრად უკეთესად აცნობიერებს, რას ვაკეთებთ ჩვენ და რატომ ეხება ეს რეფორმა თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს, ვიდრე ეს ჩანს ახლა, თუნდაც სატელევიზიო სივრცეში ან სოციალურ ქსელში", - განაცხადა ანთაძემ.


ანთაძის თქმით, დაგეგმილი რეფორმა საკმაოდ მტკივნეულია, განსაკუთრებით კი „საზოგადოებრივ მაუწყებელში" დასაქმებული ადამიანებისთვის, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, არ აპირებენ „ალგორითმის" შეცვლას.


„ვგეგმავთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ჩვენი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რა ხდება, რა გვინდა და რა ნაბიჯებით მივდივართ. ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ამ კვირაში ბევრად უფრო მეტი გვექნება და ბევრად ფართოდ გავშლით ამ შეხვედრების განრიგს. აქ ერთი ფაქტორია, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ვართ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" და რამდენიმე გადაცემა არის ისეთი, სადაც ისმის მხოლოდ კრიტიკა ამ რეფორმის და არსაიდან არ ისმის მხარდაჭერა. როდესაც ადამიანები ჩვენს ტელევიზიას უყურებენ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერიდან ჩანს მხოლოდ წინააღმდეგობა, ეს, რა თქმა უნდა, მაყურებელზე შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ ეს საფრთხე ძალიან კარგად გვქონდა გაცნობიერებული. „საზოგადოებრივ მაუწყებელში" უნდა განხორციელდეს სერიოზული რეფორმა, რომელიც ძალიან მტკივნეულია, რადგანაც აქ დასაქმებულ ადამიანებს უშუალოდ ეხებათ. ამიტომაც მათგან მხარდაჭერას არც ველოდებოდით. შესაბამისად, ის პროცესი, რაც ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიდის, აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო. ეს ჩვენთვის გასაგებიცაა. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი, ეს ალგორითმი შევცვალოთ. ეს ტალღა უნდა გადავიტანოთ, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდა გავაგებინოთ, რა გვინდა და უნდა ვცადოთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საქმე. ჩვენი ერთადერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ აბსოლუტურად ზუსტად გვაქვს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობაც და ისიც, რასაც ვაკეთებთ", - განაცხადა ია ანთაძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner