logo_geo
eng_logo
ლევან ჟორჟოლიანი: შრომის ინსპექციის ნაწილში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
- +

18 თებერვალი. 2017. 15:18



შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფომ შრომის ინსპექციის ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დეპარტამენტი მაქსიმალურად ცდილობს შენიშვნების გათვალისწინებას.


„შრომის ინსპექციის ნაწილში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ყველა შენიშვნას ვიღებთ და ვცდილობთ, გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის რეკომენდაციები. 2006 წელს შრომის ინსპექცია გაუქმდა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ იყო საჭირო ორგანო, რომელიც შრომის უსაფრთხოების, შრომის უფლებების, ტრეფიკინგის ნაწილში ზედამხედველი იქნებოდა. შრომის ინსპექციის გაუქმების რეალური მიზეზი ბაზრის დერეგულირება იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან ურთიერთობა თვითონ უნდა გაერკვია, რადგან კანონის წინაშე ორივე თანასწორია. 2013 წელს, შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რამაც შრომის კოდექსი, რომელიც დამსაქმებელზე იყო ორიენტირებული, დააბალანსა. ამას 2015 წლის მარტში შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა მოჰყვა. აქაც ძალიან ბევრი სირთულე იყო, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. თუ, მაგალითად, ჩვენ ვიტყვით, რომ ჟურნალისტები არ გვჭირდებიან და 9 წლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ თურმე გვჭირდებიან, კვალიფიციური ჟურნალისტის მოძებნა ძალიან რთული იქნება. იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა შრომის ინსპექცია. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაკულტეტს, რომელიც შრომით ინსპექტორებს ამზადებს. ასეთი სპეციალობა არ არსებობს საქართველოში. საჭირო გახდა შრომის ინსპექტორებად იმ ადამიანების გადამზადება, რომლებსაც შეხება ჰქონდათ უსაფრთხოებასთან, ჯანმრთელობასთან, იურისპრუდენციასთან, შრომით ურთიერთობებთან. ეს პერიოდი, წელიწად-ნახევარი, რაც შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდა, გარდამავალია. ერთი ინსტიტუტის შესაქმნელად ერთი და ორი წელი არ არის საკმარისი. სახელმწიფომ საჭიროდ მიიჩნია, რომ შრომის ინსპექცია ტრეფიკინგის ნაწილში - სავალდებულო, ხოლო უსაფრთხოების ნაწილში სარეკომენდაციო ყოფილიყო. 2015 წელს ბიზნესს ახალი ინსტიტუტის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება და უნდობლობა ჰქონდა. დღეს ბევრი ბიზნესისთვის შრომის ინსპექცია სანდო ორგანოა, რომელიც ეხმარება როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს, რათა დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner