logo_geo
eng_logo
ბესარიონ გუგუშვილის ჯეიმს ბეიკერთან შეხვედრა და გარემოებები: 1991წლის სექტემბერი
- +

28 მარტი. 2016. 13:46



ზვიად გამსახურდიას მთავრობის  პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი ჯეიმს ბეიკერთან შეხვედრას იხსენებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ.




...შევარდნაძე მემუდარებოდა ... „უნდა უთხრათ მათ [სსრკ რესპუბლიკებს - ბ.გ.], რომ აუცილებელია შეიქმნას ახალი კავშირი [საუბარია დსთ-ზე, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე - ბ.გ.] თუ არა და ქაოსი დამყარდება".

იმ საღამოს, როდესაც ვმასპინძლობდირესპუბლიკების ლიდერებს - პრეზიდენტების, პრემიერ მინისტრებისა და საგარეო მინისტრების შერეულ ჯგუფს - მე დავინახე სუფრის გარშემო და მიმდინარე საუბრებში პუტჩის შემდგომი საბჭოთა კავშირის პოტენციალი - და, პრობლემები. პუტჩის შემდგომ დამოუკიდებლობების დეკლარირებების ეიფორიის მიუხედავად აღინიშნებოდა რეალიზმის შესამჩნევი დონე. „დამოუკიდებლობა ლამაზად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ და პრაგმატიულები უნდა ვიყოთ" აღნიშნა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა ვალერი მურავსკიმ. ეს განმეორებადი მოტივი იყო, რომელიც მესმოდა ყოველი რესპუბლიკის ლიდერისგან, - ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, თუმცა ისიც კი აღიარებდა რომ აუცილებელი იქნებოდა ეკონომიკური კოოპერაცია მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ იქნებოდა აღიარებული.

{აღწერილი მოვლენები ეხება 1991 წლის სექტემბერს}



 

ბეიკერთან და შალიკაშვილთან შეხვედრა (მოგონებებიდან)

 

...

1991 წლის სექტემბრის დასაწყისში ფრიად გაურკვეველ ვითარებაში და საჩქაროდ მოსკოვში მიმიწვიეს, სადაც ერთ-ერთ სასტუმროში უნდა შემდგარიყო ამერიკის სახდეპის მეთაურის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოებისა და მინისტრთა კაბინეტების მეთაურებთან. პრეზიდენტმა წავლის წინ სათათბიროდ მიმიწვია - დამარიგა, ძალზე მტკიცე პოზიცია მქონოდა, რაიმე დათმობებზე არ დავეყოლოდი. სასწრაფოდ გავემგზავრე.

ამ შეხვედრის ფორმულის ყველაზე დამახასიათებელი და ნიშანდობლივი ის იყო, რომ ესწრებოდნენ მხოლოდ „განწირული" რესპუბლიკები - ანუ ის რესპუბლიკები, რომლებსაც ბალტიის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდგომ კვლავ „საბჭოთა ხალხის ძმურ ოჯახში" ეწერათ დარჩენა (ბალტიის არც ერთი რესპუბლიკა არ იყო წარმოდგენილი).

შეხვედრა სადილის სახით მიმდინარეობდა. გრძელი სუფრის ერთ თავში იჯდა სომეხი, მეორეში კი აზერბაიჯანელი. სუფრის შუაში იჯდა ბეიკერი და ზუსტად მის წინ კი მე მომიჩინეს ადგილი.

პატარა ხანში შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბეიკერმა (რუსულად თარგმნიდნენ) - ბევრი ილაპარაკა დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე. თითებზე ჩამოთვალა „მოთხოვნები" (მართლა თითებზე ითვლიდა), მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. მთავარი კი ის იყო, რომ თითის ქნევით (ნამდვილად თითის ქნევით) გაგვაფრთხილა ყველანი, რომ ორიენტაცია უნდა გვქონოდა ერთიან, განახლებულ საბჭოთა კავშირზე გორბაჩოვის მეთაურობით.

ბეიკერის შემდეგ სიტყვა რიგ-რიგობით მისცეს პრემიერებსა და მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეებს (არც ერთს არ ვიცნობდი - ტიპობრივი კომუნისტური ნომენკლატურა იყო). ყველამ წარმოთქვა სიტყვა - მე კი არავინ მიხმობს. ბოლოს, თითქოს ზრდილობისათვის მეც შემეკითხნენ: „თქვენც ხომ არ გინდათ რამის თქმაო".

მე მივუგე: კი, მაქვს სათქმელი-მეთქი.

რუსულად დავიწყე: „მიკვირს, რომ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ერთერთი მინისტრი საბჭოთა რესპუბლიკების პრემიერ მინისტრებს თითის ქნევით გველაპარაკებით. ასე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტიც არ გველაპარაკება" - მეთქი. დამსწრე საბჭოთა პრემიერებმა და თავმჯდომარეებმა მორიდებით, მაგრამ სიამოვნებით და მხარდამჭერად ჩაიხითხითეს. ბეიკერს უთარგმნეს, ის უსიამოვნოდ შეიშმუშნა და გამანადგურებელი მზერა მესროლა.

შემდეგ ინგლისურად განვაგრძე, რასაც რუსულად თარგმნიდნენ: „ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია ქართველი ხალხის ნება-სურვილი აღასრულოს. ჩვენ ვიბრძოლებთ საბჭოთა კავშირიდან სამართლებრივი გასვლის, საერთაშორისო ცნობისა და სრული დამოუკიდებლობისთვის-მეთქი".

როცა დავასრულე, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბეიკერმა თვალი-თვალში გამიყარა და თვალის დაუხამამებლად ჩამაშტერდა - თითქოს მონუსხვას მიპირებდა. მეც ვცდილობდი თვალები არ დამეხარა და თვალებში ვუყურებდი დაუხამხამებლად. ძალზე დიდ ხანს გაგრძელდა - აშკარად უნდოდა რომ მე პირველს დამეხარა მზერა. გავუძელი და მერე თვალები შეგნებულად დავაელმე. ამას როგორც ჩანს არ ელოდა და თვალი ამარიდა. თითქოს ეს პატარა ბრძოლა მოვიგე - მაგრამ რომ კრემლზე არანაკლებ საშინელი მტერი გვყავდა - ნათელი იყო.

ამის შემდეგ დესერტი ყველამ უხმოდ მიირთვა და სუფრა დასრულებულად გამოაცხადეს.

როდესაც უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდი - ამერიკელმა მომწყობმა მითხრა - თქვენთან გენერალ შალიკაშვილს უნდა შეხვედრა და თუ ხართ თანახმაო. მე არ ვიცოდი, ვინაა ეს შალიკაშვილი და ამიტომ ვუთხარი - ათიოდე წუთში მოვიცლი-მეთქი. მაშინათვე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც მახლდა, დაედგინა, ვინაა ეს შალიკაშვილი - იგი ტელეფონისკენ გაიქცა და რამდენიმე წუთში მომახსენა, რომ შალიკაშვილი ყოფილა NATO-ს მაღალი რანგის გენერალი. ამასობაში ათი წუთიც გავიდა და მომიახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი. გამეცნო - შალიკაშვილი ვარ, ჩემი მშობლები საქართველოდან ემიგრანტები იყვნენ, კომუნისტებს გამოექცნენ რევოლუციის შემდეგო. მე ვყოფილვარ საქართველოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ახლა თურქეთშია - იქიდან გადამიხედავს დანარჩენი საქართველოსთვისო.

ძალიან სასიამოვნოა, - მივუგე, - იმედია, რომ დაგვეხმარებით და თქვენს ნაცნობობასა და გავლენას გამოიყენებთ დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ცნობაში. არ მიპასუხა. შემდეგ თითონ დაიწყო - მე ვფიქრობო, შევარდნაძე უნდა გამოიყენოთ - მას დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთშიო. შევარდნაძეს, რამდენადაც ვიცი, უკვე მიმართა პრეზიდენტმა გამსახურდიამ დახმარებისთვის, მაგრამ შევარდნაძის პასუხი ისაა, რომ იგი მოხუცი პენსიონერია და პოლიტიკას ჩამოშორდა-მეთქი.

სხვა რამ ხომ არ გაინტერესებთ, - ვკითხე. არაო. მაშ, კარგად ბრძანდებოდეთ, - დავემშვიდობე. მოკლედ - შევარდნაძის შუამავალი იყო...





წყარო:   besarion.wordpress.com 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner