მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ დეკანოზის საქმეში საუბარი იყო პატრიარქის ლიკვიდირებაზე. ამის შესახებ მან „იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უწყება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა არ აკონკრეტებს რა ვერსიებია.
ვასაძის განმარტებით, გამოძიების საფუძველი გახდა განცხადება, რომელიც სასულიერო პირის ლიკვიდირებას შეეხებოდა, თუმცა გამოძიების მსვლელობისას სხვა პირები და სხვა საფრთხეები გამოიკვეთა.
„საუბარია კონკრეტულ საფრთხეებზე, ფარული აუდიო-ვიდეო მასალების საფუძველზე, სახეზე გვაქვს, რომ იგეგმებოდა ადამიანის მკვლელობა. ამისთვის არსებობდა შესაბამისი მოტივი. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებრობრივ წინსვლაზე, იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ბრალდებული მამალაძე, ამავდროულად საუბარია, რომ მკვლეობის ჩასადენად სჭირდებოდა ციანიდი. საუბარი მრავალ თემაზეა, მათ შორის, შესაძლოა, პატრიარქზე, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მე არც დავადასტურებ და არც უარყოფ, რომ ეს პიროვნება იყო პატრიარქი. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა სათანადო მტკიცებულებებს გამოვაქვექყნებთ", - განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს მთავარი პროკურატორის მიერ 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. მას ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.
დაცვის მხარეს პროკურატურამ გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი.
ამჟამად დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადის მკურნალობის კურს, ის წუხელ, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.