logo_geo
eng_logo
ბრავო, მაესტრო! გილოცავთ, მაესტრო! დღეგრძელობა, მაესტრო!
- +

19 თებერვალი. 2017. 00:55


 

დღეს  ჯემალ სეფიაშვილის  70 წლის  იუბილეა!



ჯემალ სეფიაშვილმა პირველი სიმღერა „სიყვარულის სანთლები" ცირა კაკაბაძის ლექსზე შექმნა, რომელიც კვარტეტმა „თბილისმა" შეასრულა და 1969 წელს საუკეთესო კომპოზიციად იქნა აღიარებული. დიდი წარმატება მოუტანა სიმღერამ „დაშვებული ფარდები", რომელიც 1970 წელს საუკეთესო სიმღერად შეფასდა.

1979 წელს ჯემალ სეფიაშვილის ორი ალბომი - „ჩვენი საქართველოს ახალგაზრდობა" და „ეჰ, ეს სტუდენტობა" გამოვიდა, რომელშიც მორის ფოცხიშვილის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შედიოდა.

აღსანიშნავია მისი სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა და სიყვარულისა და ერთგულების ჰიმნად იქცა.

1997 წელს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშივილის 50 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიტორის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო „ბრავო, მაესტრო!" გაიმართა და ამავე სახელწოდების ორმაგი ალბომი გამოიცა.

1998 წლის 10 სექტემბერს თბილისში, რიყეზე, ღია ცის ქვეშ კომპოზიტორის საავტორო კონცერტი „შალომ, ისრაელო!" გაიმართა, რომლიც საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.

1999 წელს, რეზო ამაშუკელის ლექსზე  სიმღერა „გიხაროდენ" დაიწერა, რომლის ჩაწერაშიც 40 ცნობილმა ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.

2000 წელს სიმღერა „გაზაფხული შემოსულა, ლენ!" მურმან ლებანიძის ლექსზე მე-20-ე საუკუნის საქართველოს 20 საუკეთესო სიმღერას შორის იქნა დასახელებული.

2001 წელს კომპოზიტორის მეოთხე ალბომი გამოვიდა.

ჯემალ სეფიაშვილი გახლავთ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, აკაკი წერეთლის სახ. პრემიის ლაურეატი. 1997 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა.

ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულს, მშვენერებას, მეგობრობას, საქართველოს, თბილისს უმღერის და ყოველივე ეს გრძნობების ჭეშმარიტებითა და გულრწფელობით ერთ თაიგულად არის შეკრული. ეს სიმღერები უყვართ, მათ აფასებენ.


P.S.

ეს მისი ძალიან(!) მოკლე(!)  ბიოგრაფიული ცნობებია. არადა, შეუძლებელია მასზე მოკლედ წერა. სულ რომ არაფერი შეექმნა დიდ მაესტროს, , ქართული ღირსების ჰიმნად აჟღერებული „ტიტები",  „ო, ენავ ჩემო" და „ვეფხისტყაოსნის" ჰიმნი დარჩებოდა საქართველოს კულტურულ ისტორიაში! არადა, საოცრად ბევრი რამ შექმნა. საოცრად! ბრავო, მაესტრო! გილოცავთ, მაესტრო! დღეგრძელობა, მაესტრო!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner