ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურის ჰიდროელექტროსადგური 18 თებერვალიდან დროებით გააჩერეს.
ჰესი, სავარაუდოდ, 20 დღით გაჩერდება, რა პერიოდშიც მოხდება გვირაბის დათვალიერება და იმ სამუშაოების დაგეგმვა, რაც 2018 წელს განხორციელდება.
„იგეგმება ენგურისჰესის 20 დღით გაჩერება, რომ დაათვალიერონ გვირაბი, დაადგინონ რა მდგომარეობაა და დაგეგმონ საუშაოები, რომლებიც 2018 წელს განხორციელდება. ეს მიზანი აქვს გვირაბის დათვალიერებას", - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექროენერგიის მოხმარება 2016 წელს 2007 წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა, შესაბამისად „ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% - საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება. ენგურჰესისის წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია.
„ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა.