საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური სამოქალაქო სექტორს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს. დეპუტატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებიც არიან ასახული ფარულ ჩანაწერებში, აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
„მე მოვუწოდე ისეთი თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპრომატები, არამარტო ამ ვიდეომასალაში, არამედ ზოგადად ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი, ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას, ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, იმიტომ, რომ ცდილობენ, ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროკურატურას მიმართავს. სამოქალაქო ორგანიზაციები დეპუტატების დაკითხვას მოითხოვენ. საუბარია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ბატონები მეჭიაური და ლორთქიფანიძე დაიკითხონ პროკურატურის მიერ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი, ერთი მხრივ, აანონსებდნენ და მეორე მხრივ, კონკრეტულ დეტალებზე საუბრობდნენ ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ ამ კონკრეტულ პირებს", - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.