ავტორი ნინო ჯიბუტი
რესპუბლიკური პარტიის მიერ კოალიცის სავარაუდო დატოვებასთან დაკავშირებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, არცერთი კოალიცია არ არის მარადიული. წინასწარ კომენტარის გაკეთებას აღნიშნულ თემაზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისივე თქმით, საჭიროა, დაელოდონ „რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ, რამდენად დადებითი ან ნეგატიური იყო კონკრეტული გადაწყვეტილება.
„როგორც იცით, „რესპუბლიკელებმა" უკვე დააანონსეს, რომ განცხადების გაკეთებას აპირებენ, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი, თუ რამდენად კარგი ან ცუდია კონკრეტული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერი ლოგიკური იყოს. წინასწარ მარჩიელობა, რას გააკეთებენ „რესპუბლიკელები"- სწორად არ მიმაჩნია. ასე „ფორუმმაც" თქვა, რომ ყრილობას ელიან, ეს ყველაფერი სავსებით ბუნებრივია. ყველაფერი დროსა და სივრცეში ისე დალაგდება, როგორც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება შეთანხმების საგანი - ან გავიშლებით, ან დავიშლებით, კოალიცია ასეთია... არცერთი კოალიცია არ არის მარადიული. კოალიციის დროს იქ ინდივიდუალიზმი კლებულობს, ამიტომ, თუ არსებული სუბიექტები ჩათვლიან, რომ საჭიროა, სწორედ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და ჩვენც ყველა ამაზე შევთანხმდებით. გარკვეული ხანი დავიცადოთ. არჩევნების წინ ყველამ უნდა იცოდეს, რა სახით წარსდგება კოალიცია, დაემატება სუბიექტები თუ პირიქით გამოაკლდება. ვფიქრობ, უახლოს დღეებში ყველაფერს ნათელი მოეფინება", - განაცხადა ქანთარიამ.