ერთ-ერთი, ბოლოს გავრცელებული ვერსიით, სინამდვილეში, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა იგეგმებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელსაც თეთრუაშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს და საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია. „ვერსია" ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.
- ეს სკანდალი ერთი კონკრეტული ადამიანის კი არა, ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული და ამაში რუსეთი, სააკაშვილი ან ორივე ერთად ურევია. არ ვიცი, გიორგი მამალაძე ვინ არის, მაგრამ ვიცი, ვინ არის მამა პეტრე, შორენა თეთრუაშვილი... ბავშვობიდან ეკლესიაში ვარ და საპატრიარქოსთან გარკვეული კონტაქტები მაქვს. რასაც მამა პეტრე აკეთებს, მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, უპირველეს ყოვლისა, პატრიარქის მიმართ. როცა ის შორენას ამ ყველაფერს აბრალებს, პირდაპირ პატრიარქს ურტყამს, რადგან პატრიარქი არის მისი დამცველი და მან აირჩია შორენა თეთრუაშვილი. პატრიარქის სურვილი მიმაჩნია მართებულად ქვეყნისთვის და არა მიშისტი პეტრესი, რომელსაც დღესაც სააკაშვილის სურათები უკიდია. მამა პეტრეს მართავენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალები. თუ შორენაზე რამის თქმა უნდოდა, პირდაპირ პატრიარქთან რატომ ვერ მივიდა და ქუჩაში სამსჯავროზე რატომ გამოიტანა? ეს ნაძირალა გამოდის და ჩირქს სცხებს ეკლესიას. სულხან მოლაშვილის სახელის ხსენება როგორ გაბედა?! მოლაშვილი სწორედ იმათ აწამეს და მოკლეს, ვის გვერდითაც პეტრე იდგა. მოლაშვილის სახლის ოჯახისთვის გადაცემაში გიორგი ანდრიაძემ გამიწია იურიდიული კონსულტაცია და შორენა თეთრუაშვილი დამეხმარა. მეუფე პეტრე სულხანს აიძულებდა, სტრასბურგის სასამართლოდან საქმე გამოეტანა და არ გაესაჩივრებინა. ამიტომ გაიქცა სულხანი ქვეყნიდან, ვერ გაუძლო ზეწოლას. თავად სულხანისგან ვიცი ეს, მითხრა _ ვერ ვუძლებ იმას, რომ ჩემი სულიერი მოძღვარი და უახლოესი ადამიანი ამას მეუბნება, არ შემიძლიაო და წავიდა. სულხანი ფიქრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აიძულებდა ამას პეტრეს.
- თუ მამა პეტრეს ნაციონალები მართავენ, ამ სკანდალის აგორება რაში აწყობდათ?
- პეტრეს ქცევა ეკლესიის ინტერესებს რომ არ ემთხვევა, ვხვდებით. გამოდის, პატრიარქი ვერ აგვარებს პრობლემას და პეტრე აგვარებს?! ხედავთ, როგორ აფიქსირებს თავის პრივატს, რომ პატრიარქი ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს და ყველაფრის აზრზე არის ეს აგენტი პეტრე, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ეკლესიას. ნახავთ, ეკლესიას გახლეჩს. ახლა რატომ ამოტივტივდნენ ეს ნაძირლები, როცა ასე დაუძლურებულია პატრიარქი და აღარ შესწევს ძალა, ასეთ ბოროტებას შეებრძოლოს? ახლა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ არც აგებინებენ დღეს მიმდინარე ამბებს, არაა საქმის კურსში, თორემ აუცილებლად გამოეხმაურებოდა ამ პროცესებს. ის კი იცის, რომ მოწამვლის მცდელობა იყო თეთრუაშვილის წინააღმდეგ... „რუსთავი 2"-მა რომ პირველმა გაუშვა ეს ბინძური ამბები, ესეც ერთ-ერთი მესიჯია, რომ ყველაფერი ეკლესიის საწინააღმდეგოდ ხდება.
- შესაძლებლად მიგაჩნიათ, შორენა თეთრუაშვილი „რუხი კარდინალი" იყოს?
- უკვე უწმინდესის მრევლი ვიყავი, როცა შორენა ეკლესიაში მოვიდა, 1978-79 წლები იყო. ის აკეთებს იმას, რის უფლებასაც პატრიარქი აძლევს. თუ რამეს უწმინდესის გარეშე აკეთებს და ეს მეუფე პეტრემ იცის, უნდა უთხრას პატრიარქს, საჯაროდ კი არ უნდა იჭორაოს.
- იქნებ თეთრუაშვილის გარეშე პატრიარქის ნახვა ვერ შეძლო, როგორც გიორგი მამალაძემ, რომელზეც ამბობენ, რომ წერილი სწორედ ამიტომ მისწერა უწმინდესს?
- პატრიარქს ცალკე მე ვნახულობდი და მამა გიორგიმ როგორ ვერ ნახა?! თან მას იმხელა გავლენა და ზურგი ჰქონდა, ვინ გადაუდგებოდა წინ?
- საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს მამალაძემდე თეთრუაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია მათი დაპირისპირების შესახებ.
- თანამდებობების შესახებ დეტალები არ ვიცი. გიორგი მამალაძე საერთოდ არ მინახავს. შესაძლოა მინახავს, მაგრამ არ მახსოვს. პატრიარქის რეფერენტის გარდა, სხვა თანამდებობა თუ ჰქონდა შორენას, არ ვიცი. ვფიქრობ, შორენა სწორად იქცევა, დღემდე რომ დუმს, რადგან უფრო საჭორაო არ გახადოს ეს თემა. თუ რაიმე პრობლემაა საპატრიარქოში, პატრიარქი თავად გადაწყვეტს.
- თუმცა, თქვენც თქვით, რომ პატრიარქი საკმაოდ დასუსტებულია და ის ვეღარ აკონტროლებს პროცესებს...
- კი, მაგრამ პეტრესა და შორენას დაპირისპირება ახლა კი არ დაწყებულა, ათწლეულებია არსებობს.
- ათწლეულების წინ „ნაციონალები" არ არსებობდნენ. მაშინ რაღატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?
- „ნაციონალები" 15 წლის წინ მოვიდნენ და იქამდე მოქალაქეთა კავშირში, ანუ ხელისუფლებაში იყვნენ... მგონია, აქ რუსული ხელი ურევია. ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი პროდასავლელია და არა რუსეთის აგენტი, მეცოდება, რადგან სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის პოლიტიკა გაატარა.
- როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესს ამ პროცესში გამორიცხავთ...
- პეტრესთან დგას თუ არა ხელისუფლება, ვერ განვსაზღვრავ. ვინც უნდა იყოს მის უკან, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროცესია.
- ისე, რეალურად მიგაჩნიათ ფაქტი, რომ მამალაძეს ციანიდი გადაეტანა საზღვარზე?
- არ ვიცნობ ამ ადამიანს და როგორ ვთქვა, რისი გამკეთებელი იყო?
- თქვენ ხომ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი ხართ, რას ამბობენ გიორგი მამალაძის შესახებ?
- ყველა გაოგნებულია. თუმცა ახლა ირკვევა, რომ ეს პატრიარქის კი არა, შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგაა. რასაც პეტრე პირდაპირ ეთერში საუბრობს, მოწამლავდა კი არა, პირდაპირ დაახრჩობდა ალბათ. პოლიტიკოსებმა აიტაცეს რატომღაც პატრიარქის საკითხი, თორემ მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე იყო საუბარი და პირადი რეფერენტი მაღალი იერარქიაა.
თათია გოჩაძე