„ახალგაზრდა ადვოკატები" „პაპუაშვილის საქმესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლო 20 თებერვალს 11:00 საათზე დამასრულებელ სხდომას გამართავს.
„2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს. სასამართლო პროცესს პირველად დაესწრება ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე, მისი ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები.
სასამართლო სხდომას მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების მოსმენით გააგრძელებას. პალატა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, აგრეთვე მოისმენს როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის პოზიციებს და გამოიკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. აღნიშნული პროცესუალური მოქმედებების შემდგომ, სასამართლო საქმის განხილვას დაასრულებს და მოსამართლეთა პალატა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ან გადაწყვეტილების გამოცხადებას გონივრული ვადით გადადებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ბოლო სხდომა 2017 წლის 31 იანვარს გაიმართა. ამ სხდომაზე, სასამართლომ როლანდ ბლადაძის სამი შუამდგომლობიდან 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს. მხარე მიუთითებს, რომ გიორგი პაპუაშვილმა 2016 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია „მაესტროსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2007 წელს ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიდოდა. აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა მოხდეს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქმეს განიხილავს მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე. ამასთან, 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზე, არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი შემადგენლობის უმრავლესობის აცილების შესახებ.
როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.
როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდანვე მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსამართლე შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება", - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 20 თებერვალს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.