უკვე მესამე წელია, რაც საჩხერეში ტარდება ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე". კონკურსის გენერალური სპონსორი კვლავ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზია". ლიტერატურულ კონკურსს საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია", მედიასახლი „პოსტკრიპტუმი" და გაზეთი „ინდუსტრიული მაცნე". კონკურსის ოფიციალური მასპინძელი იქნება სოციალური კაფე „ნაბიჯი". კონკურსს მხარს უჭერს მუზეუმი „საწერეთლო" და აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი.
1. საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა არ არის განსაზღვრული.
2. ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე კონკურსში გამარჯვებული.
3. ნაწარმოების გამოქვეყნებულობას არ აქვს მნიშვნელობა.
4. საკონკურსოდ ნაწარმოები უნდა გამოიგზავნოს აუცილებლად ელექტრონული მისამართით ვორდის ფაილის სახით, რომელიც შესრულებული იქნება ქართული უნიკოდით. სხვა სახით შემოსული მასალები საკონკურსოდ არ მიიღება და არც დასტურდება მისი მიღება. ლექსის ბოლოს მითითეული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ავტორის ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი. ავტორის ასაკი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს 18 წელს. საკუთრივ ფაილის სახელი უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი.
5. ნაწარმოები იგზავნება მისამართზე rokorolandi@gmail.com და დასტურდება მასალის მიღება სიტყვით ,,მიღებულია" უახლოესი 48 საათის განმავლობაში. დასტურის მიუღებლობის შემთხვევაში აუცილებლად გააგზავნეთ მეორედ საკონკურსო ნაშრომი.
6. გამოგზავნის პერიოდი 01.04-დან 30.04-მდე. 1 აპრილამდე ან 30 აპრილის შემდეგ გაგზავნილი მასალა კონკურსში არ მონაწილეობს.
7. საკონკურსო ნაწარმოებებიდან შეირჩევა 10 ფინალური ლექსი, რომელთა ავტორები მიიღებენ შეტყობინებას 15 მაისამდე მათი ნაწარმოების ფინალში გადასვლის შესახებ. არაფინალური ლექსის ავტორები არ იღებენ არავითარ შეტყობინებას.
8. საკონკურსო ნაწარმოების ჟანრი მკაცრად განსაზღვრულია და აუცილებლად უნდა იყოს ლირიკული.
9. ფინალური ათი ლექსიდან სამი გამარჯვებული ნაწარმოების ავტორები ჯილდოვდებიან 500, 300 და 200 ლარით (დაქვითვის გარეშე).
10. მასალები ფასდება 10-ბალიანი სისტემით ჟიურის წევრების მიერ დამოუკიდებლად და იკრიბება ფინალურ შეხვედრამდე. გამარჯვებულთა ვინაობა იცის მხოლოდ კონკურსის ავტორმა დაჯილდოებამდე.
11. ათი ფინალისტის გზის ხარჯებს ფარავს კონკურსის ბიუჯეტი, თითო ფინალისტზე, მაქსიმუმ, 30 ლარით. თანხა გადაეცემათ ფინალისტებს საჩხერეში ფინალურ დაჯილდოებამდე გზის ხარჯის გათვალისწინებით (ანაზღაურდება ბილეთის ღირებულება ორმხრივად).
12. ფინალისტები დაჯილდოებამდე ეცნობიან ერთმანეთსა და ფინალურ ლექსებს.
13. ფინალური დაჯილდოება მოეწყობა ქ. საჩხერეში შერჩეულ ადგილზე (სხვიტორში, ა. წერეთლის სახლ-მუზეუმში).
14. ფინალისტები უზრუნველყოფილ იქნებიან კვებითა და ღამისთევით (ფინალისტები საჩხერეს ტოვებენ ფინალის მეორე დღეს სურვილის შემთხვევაში).
15. ფინალისტებისათვის მოეწყობა მცირე ექსკურსიები.
16. ჟიურის წევრები იქნებიან: პროექტის ავტორი როლანდ ხოჯანაშვილი, გენერალური სპონსორის წარმომადგენელი ზაქარია ზალიკაშვილი, პოეტი მანანა ფრუიძე-რობერტსონი, პოეტი ზაზა სუყაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, მწერალი ეკატერინე ჭკადუა.
17. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალება მხოლოდ ,,მოდინახის" პირველი ადგილის მფლობელებს.
18. ფინალისტებისათვის შეუძლიათ მსურველებს დააწესონ თავიანთი ,,სიმპათიის პრიზი" და ამ პრიზების გადაცემას ახორციელებენ ჟიურისთან შეთანხმების გარეშე.
19. კონკურსანტების მხრიდან პრეტენზიები არ განიხილება. იმ ადამიანებს, რომელთაც ეეჭვებათ კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებათა ობიექტურობა, საკონკურსო მასალებს ნუ გამოაგზავნიან.
20. ფინალი გაიმართება, ტრადიციულად, მაისის ბოლო შაბათ დღეს - 28 მაისს.