„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა უკვე არარენტაბელურია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა და აქვე დასძინა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ასაკრძალად დამატებითი რეგულაციები საჭირო აღარ არის.
„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი უკვე დარეგულირდა საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც დეკემბერში მივიღეთ. მიღებული ცვლილებებით, განბაჟების გადასახადი გასამმაგდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რაც მათ შემოყვანას არარენტაბელურს ხდის. შესაბამისად, დამატებითი რეგულაციები მათ ასაკრძალად აღარ არის საჭირო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.