logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა არ უნდა ისაუბრონ გამოძიების კონკრეტულ ვადაზე
- +

28 მარტი. 2016. 15:56



„არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა არ უნდა ისაუბრონ რაიმე კონკრეტულ ვადაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ახალი საინფორმაციო კამპანიის „წამზომი ჩართულია" დაწყების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.


როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თავად საგამოძიებო და საერთაშორისო სტანდარტიც მეტყველებს იმაზე, რომ კალენდარს და წამზომს ნამდვილად არ უწერია სერიოზული განხილვა.


„მგონია, რომ არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ, რომ სწრაფად დამთავრდეს გამოძიება, რაიმე კონკრეტულ ვადაზე არ უნდა ისაუბრონ, ვინაიდან კომპეტენცია, რა ვადაში შეიძლება ამა თუ იმ დანაშაულის გახსნა, ნამდვილად არ გააჩნიათ. თავად საგამოძიებო და საერთაშორისო სტანდარტიც მეტყველებს იმაზე, რომ კალენდარს და წამზომს, როგორც თქვენ ამბობთ, ნამდვილად არ უწერია სერიოზული განხილვა", - განაცხადა ვოლსკიმ.


ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „წამზომი ჩართულია" დაიწყო.


როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, კამპანიის მიზანია, საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს, მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner