logo_geo
eng_logo
„სააკაშვილს რომ მისთვის მისაღები პატრიარქი ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება, ამის მიზეზი ძალიან მარტივია“
- +

21 თებერვალი. 2017. 13:39




აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე „ასავალ-დასავალს" საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა:

 

- რუსო, პირველ რიგში იმ ფაქტზე მინდა გკითხოთ, რომელიც facebook-ზე დაწერე - უწმინდესის მოწამვლისა და მეუფე დანიელის გაპატრიარქების იდეა გურამ შარაძემ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2004 წელს ჩაუშალაო. გურამ შარაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა, რომ ეს უნდა მომხდარიყო გიორგობას, 23 ნოემბერს. რა იცი ამის შესახებ?


- სააკაშვილი, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტითა და ა.შ. ორგანიზაციებით, ძალიან დიდი ხანია, თავს არ ზოგავს პატრიარქის ჩამოსაშორებლად. გურამ შარაძემ გეგმები არაერთხელ ჩაუშალა. იყო მოწამვლის და გადაყენების მცდელობები. ვიღაც იტყვის, პატრიარქის გადაყენების უფლება არავის აქვსო და მართალიც იქნება, მაგრამ მიშა როგორ სულ კანონებით მოქმედებდა, ვიცით. თან ეს უნდა ყოფილიყო „ნებაყოფლობითი" ნაბიჯი. მამაჩემი ამბობდა, რომ პატრიარქზე იყო ზეწოლა, გადადგომაზე თავად გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ ღმერთმა ეს არ დაუშვა. მამაჩემი აღარ იყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, 2009 წლის 26 მაისს, როდესაც სტადიონიდან ხალხი სამებაში მივედით, როგორ შეუვარდა გიგი უგულავა პატრიარქს.

 

- ეს რომ ნამდვილად ასე იყო, კიდევ ბევრჯერ დადასტურდებაო, ამბობთ. რას გულისხმობთ? ანუ შესაძლოა პატრიარქს ემუქრება საფრთხე იმავე ძალებისგან, ანუ მიხეილ სააკაშვილისგან?


- სააკაშვილისგან საფრთხე თითოეულ ჩვენგანს სულ დაემუქრება, სანამ ბოლომდე არ იქნება „განიარაღებული". ანუ სანამ ოფიციალურად არ დაუმტკიცდება, რომ ის არის კაცისმკვლელი, საკუთარი ხალხის მწამებელი, სამშობლოს გამყიდველი, ქვეყნის ბიუჯეტის შემჭმელი და ა.შ. და არ ჩაჯდება ციხეში, მაგრამ ნათქვამში ეს არ მიგულისხმია. „არა არს დაფარული" - ბევრი ალაპარაკდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს.


- რა იყო სააკაშვილის მიზანი, რატომ უნდოდა მეუფე დანიელის გაპატრიარქება?


- სააკაშვილს რომ მისთვის მისაღები პატრიარქი ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება, ამის მიზეზი ძალიან მარტივია - ხალხზე ზემოქმედება და საკუთარი მზაკვრული მიზნების შესრულება ხბოს აღტაცების ფონზე. იქ, სადაც წაგებული ომი აზეიმა ხალხს, რაღაზეა საუბარი?!


თუ როგორ წყევლიდა ზოგიერთი ე.წ. მეუფე ქადაგებების დროს ყველას, ვინც „ნაცმოძრაობას" - ანუ მკვლელებს - ხმას არ მისცემდა, ვინმეს თუ არ ახსოვს, მარტივად შეუძლია მოიძიოს, ინტერნეტი სავსეა დოკუმენტური მასალებით. მაგალითად, ქუთაისის ეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი და ა.შ... აღარაფერს ვიტყვი დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ზოგიერთ პირზე.


ჩვენ ისე არ გამოგვივიდეს, რომ დროს ავცდეთ და დღევანდელი, კიდევ გაუარესებული პროცესები თვალთახედვიდან გამოგვრჩეს. თქვენს მიერ ჩამოთვლილ პიროვნებებზე გურამ შარაძე 14-15 წლის წინ საუბრობდა. მას მერე, სააკაშვილმა ბევრი „ახალი თაობა" გამოჩეკა, გამოწრთვნა და ჩანერგა ყველგან. ნამდვილად არ ვიცი დეტალები, მაგრამ ისევე როგორც მთელი საქართველო, მეც ვუყურებ და ვხედავ, ვინ რისი მკადრებელია. ეს ისეთი თვალხილულია, რომ დიდი ჭკუა და გამოცნობა არ სჭირდება, მთავარია, ადამიანი დაბრმავებული არ იყოს სიძულვილით. სულ ყველამ, საზოგადოების ყველა ნაწილში, თავი გამომაჟღავნა და სამწუხაროდ, ბევრმა მოიჭრა ეს თავი.

 

- გურამ შარაძეს დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონდა ამ ფაქტის შესახებ?


- სანდრა რულოვსის მოძღვარმა პეტრე ცაავამ ვითომ პატივისცემით მოიხსენია მამაჩემი, შეცდომაში შეიყვანეს ინტრიგანებმაო. - მოიგონაო - ამის თქმა ვერ გაბედა. გურამ შარაძე რომ შეცდომაში ადვილად შესაყვანი კაცი არ იყო, ყველაზე კარგად, ცაავას მოეხსენება. მამაჩემი არასდროს საუბრობდა მტკიცებულებების გარეშე და ხელში ყოველთვის კანონი ეჭირა. ის ათასჯერ გადაამოწმებდა ცნობას, სანამ საჯაროდ იტყოდა. მორალური თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, გამორიცხულია, ასეთ სათუთ თემას ის ტყუილად არასდროს შეეხებოდა. დამეთანხმება ყველა, ვინც იცნობდა.


- ფიქრობთ თუ არა, რომ სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი?


- არა, ეს ერთ-ერთი „დეტალია" იმ უამრავი საკითხიდან, რაც თქვენს გაზეთშიც არაერთხელ დაბეჭდილა. მკვლელობის მიზეზის ძიებას, საბოლოოდ, მაინც მის პიროვნებამდე მივყავართ. დანარჩენს, იმედი მაქვს, მამაჩემის მკვლელობის გამომძიებლები იტყვიან.

 

- ეთანხმებით თუ არა საზოგადოების იმ მოსაზრებას, ვინც ფიქრობდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ეს ხუთჯვრიანი დროშა უნდა შეეცვალა?


- ვეთანხმები კი არა, ერთი სული მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ ამ დროშის საქართველოსთვის ძალით თავსმომხვევი „ნაცმოძრაობა" უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ და მერე, ნელ-ნელა, ყველაფერი დალაგდება. ახლა რომ სიმბოლიკის შეცვლის პროცესი დაიწყოს, ჯერ ერთი, უზარმაზარი თანხებია საჭირო, ყველა სახელმწიფო დოკუმენტზე და არამარტო, ფიზიკურად ხომ უნდა გამოიცვალოს ძველი ახლით?! ამასთან, მგონია, რომ დღეს, ცოტა კომიკური იქნება დროშებთან ბრძოლა, თუნდაც, სამართლიანი ბრძოლა, მაშინ, როდესაც მკვლელები ქუჩაში არათუ თავისუფლად დადიან, ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვთ და ამ მიზნის მისაღწევად, დღესვე ამოწყვიტავენ ნახევარ საქართველოს.

 

- საზოგადოებაში აზრი გაყოფილია, გაურკვევლობაა, ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, სააკაშვილის თუ დღევანდელი ხელისუფლების, რომელსაც უამრავი მიმართულებით პრობლემები აქვს?


- ჩემი გამოკვეთილი აზრი მაქვს, მაგრამ მაინც - დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და მერე უკეთ შეგვეძლება მოსაზრებების გამოთქმა.


- თუ ამაში ისევ სააკაშვილის ხელი ურევია, მაინც ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ის და მისი სექტა არ დასჯა?


- რა თქმა უნდა, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის ზოგიერთ წევრს დაავიწყდა, ვის სისხლზეა მოსული. მისი პასუხისმგებლობაა, რომ აქამდე არ დასაჯა სათანადოდ მკვლელი სააკაშვილი და მისი ბანდა, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ სახელგატეხილი ერი და ბერი. „ერში", ხელისუფლებას, საკუთარი თავიც შეუძლია იგულისხმოს.


- შეიძლება თუ არა ვარაუდი, რომ ეს უკანასკნელი ფაქტი, წლების განმავლობაში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის გაგრძელებაა და რაც მთავარია, ამ ფაქტით არ დამთავრდება?


- ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ამ თემაზე წინასწარმეტყველური განცხადებები გავაკეთო, მითუმეტეს, რომ არ ვიცი, რა იქნება. ის ვიცი, რომ მთელი არსებით მინდა, საქართველო ბედნიერი ქვეყანა იყოს, ხალხს უხაროდეს და უყვარდეს სიცოცხლე...


- პატრიარქი მოინახულა...


- ასე დაწოწიალობს დაუპატიჟებლად ყველგან, ხან ტრამპის ინაუგურაციაზეა ბუჩქებში მიმდგარი, ხან სად, ხან სად. სააკაშვილამდე რურუა იყო იქ. რა ამბავი მიუტანა, რატომ იყო? სულ ცოტა, სააკაშვილის ვიზიტი მოამზადა. იმან მეტი გარანტიისთვის, დედა იახლა თან. მორწმუნე დედა-შვილი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან, სასაცილოდ რომ გვქონდეს საქმე. თან ისეთი ვერაგია, დაამთხვია გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დღეს. სოციალურ ქსელში ვიღაცამ ერთი სიტყვა ჩააგდო, ერთმანეთს შეხვდნენო და მორჩა, ატყდა ერთი ამბავი. ასე უტეხს ყველას სახელს, ასე ასხამს ტალახს, ვის შორიახლოსაც კი გაივლის ეს არამზადა.


„რეპორტიორის" რედაქციისგან: აღნიშნული ინტერვიუ რუსუდან შარაძემ საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა. ინტერვიუს ეს ვერსია განსხვავდება გაზეთში დაბეჭდილისგან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner