„საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოწევის მიზეზით. ეს არის ის 11 000 ადამიანი, ვისაც შეეძლო 10-15-20 წლით მეტი ეცოცხლა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ რეგულაციები გასამკაცრებელია.
„60% ჩვენი ბავშვების არის თამბაქოს ზემოქმედების ქვეშ, მათგან 15% თამბაქოს ეწევა, დანარჩენი კი არის პასიური მწეველი, ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი კი თამბაქოს მწეველია. მარტო ამ მშრალი სტატისტიკიდანაც ჩანს, რამდენად დიდი პრობლემაა ეს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ არის საკმარისი, თუ არ ჩავთვლით აქციზის გაძვირებას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდი. ასევე ეფექტური იქნება თამბაქოს მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და თამბაქოს პროდუქტის რეკლამის აკრძალვა. სწორედ ამას ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის მიღებაც საჭიროა", - განაცხადა ზოიძემ .
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის საჭიროება - პრობლემები და გამოწვევები" კონფერენცია-გამოფენასა და საკომიტეტო განხილვას მართავს.
ღონისძიებაზე ასევე წარდგენილია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი და პაკეტის ძირითადი პრინციპები.
კონფერენცია-გამოფენის ფარგლებში გაიმართა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის პრეზენტაცია თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მოხსენება სფეროში განხორციელებული კვლევის - „თამბაქოს კოტროლის სიტუაციის ანალიზი საქართველოში" განხილვა.