ავტორი მარიამ პაიჭაძე
არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელმა, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ ჯამბულ გამცემლიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში „რუსთავი 2"-ის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არხი უნდა დაუბრუნდეს მეპატრონეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს.
„რუსთავი 2" არის სიცრუის მანქანა, რომელმაც პირველი მსხვერპლი, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდა ბუტა რობაქიძე ყაჩაღად შერაცხა და დღემდე პასუხი არ უგია. ისინი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამდნენ წყალს და საზოგადოებას სიცრუეში ამყოფებდნენ. ეს არხი არის პოლიტიკური არხი. მე პირადად, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, არხის დახურვის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს საზოგადოებამ - დღეს ხალხი ითხოვს იმას, რომ „რუსთავი 2" დაუბრუნდეს მეპატრონეს და არ გაითიშოს. მათ რატომღაც აქცენტი აქვთ აღებული, რომ „რუსთავი 2"-ს ზღუდავენ. ორი დღის წინ თავად გათიშეს მაუწყებლობა და ვითომ, რაღაც ტრაგედია მოხდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „რუსთავი 2" უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს და სამართლიანობამ უნდა იზემოს. შეწყდეს ნეგატიური ფონის შემქმნელი საუბარი ტელევიზიით და ამ ცრუპენტელა ადამიანების დაცვა", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.