საპატრიარქოში მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, მთავარი პროკურორი საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრთან მიმდინარე შეხვედრას დაესწრება, რომელიც საპატრიარქოში უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.
საპატრიარქოში ასევე იმყოფებიან მაღალი იერარქიიის სასულიერო პირები და ე. წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა.
საპატრიარქოს შენობა უკვე დატოვა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, რომლის განცხადებითაც, სასულიერო პირების უმრავლესობამ ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერები მოისმინა. მისივე თქმით, ყველა სასულიერო პირი ერთ აზრზეა, გარდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრესი.
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გაავრცელებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ, დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიდეო-მიმართვაც გავრცელდეს.